ჩიხლაძე: ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ და მეორე მხრივ, ისეთ რეგულაციებს ვტოვებთ, რაც ამას ხელს უშლის

519

მიმზიდველი იქნება ტურისტისთვის, რომ ჩამოვიდეს და 10 საათზე სახლში გაიქცეს? ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ და მეორე მხრივ, ისეთ რეგულაციებს ვტოვებთ, რაც ამას ხელს უშლის,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ტურისტული სეზონის გახსნას გამოეხმაურა.

ჩიხლაძე აცხადებს, რომ „კომენდანტის საათის“ მოქმედების პირობებში საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ვერ იქნება. მისი თქმით, ხელისუფლებას სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინირებაზე და ტესტირებაზე უნდა ეზრუნა.

“ტურისტული სეზონი გავხსენით, მაგრამ „კომენდანტის საათი“ დავტოვეთ, როგორ წარმოგვიდგენია ტურისტული სეზონი „კომენდანტის საათის“ პირობებში, ეს სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება როგორც გარე ისე შიდა ტურიზმისთვის. სახელმწიფომ არ იზრუნა ტურისტულ სექტორში და მასთან ახლო მყოფ სექტორებში დასაქმებულ ხალხზე, რომელზეც თავიდანვე იყო მოწოდება ჩვენგან, რომ ჩატარებულიყო მათი ტესტირება, რომ რისკები არ ჰქონოდათ ტურისტული სეზონის პერიოდში, ტურისტიც თავს დაცულად იგრძნობდა.

მიზნობრივ ჯგუფებზე მუშაობა სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს და როგორ წარმოგვიდგენია ტურისტული სეზონის მიმზიდველობა „კომენდანტის საათის“ დაწყების პირობებში. ეს მიმზიდველი იქნება ტურისტისთვის, რომ ჩამოვიდეს და 10 საათზე სახლში გაიქცეს? ერთი მხრივ ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ და მეორე მხრივ, ისეთ რეგულაციებს ვტოვებთ, რაც ამას ხელს უშლის. რისკების მინიმიზება შეიძლება იმით, რომ ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხი თავის დროზე აგვეცრა და ახალი ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა უცხოელი ტურისტებისთვის, ვინც ვაქცინირებულნი შემოდიან, ამას უკვე იყენებენ ქვეყნები და ჩვენებმა ახლა დაანონსეს, რომ ამას გააკეთებენ, ეს უკვე გაკეთებული უნდა იყოს,”- განაცხადა ჩიხლაძემ.