თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს საზოგადოების მხრიდან აქვს, მომავალში, რასაკვირველია, დარჩება ჩვენი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად

497

დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის განვითარება გაგრძელდება ჩვენი გუნდის ლიდერობით და ის მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს ჩვენი საზოგადოების მხრიდან აქვს, მომავალში, რასაკვირველია, ასევე დარჩება ჩვენი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება კახა კალაძის მხრიდან საქმიანობის ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ანგარიში განპირობებულია იმით, რომ კახა კალაძე პასუხისმგებლიანია და თავის ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან ყოველთვის აფიქსირებს.

„დღეს, როდესაც ის აბარებს მოქალაქეებს ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა დედაქალაქში, ესაა დემოკრატიის ნაწილი, ანგარიშვალდებულების სტანდარტი, რომელიც კახა კალაძეს ყოველთვის ჰქონდა, ამიტომ მიიღო მაღალი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი, ისარგებლებს მოქალაქეების მაღალი მხარდაჭერით. ამას განაპირობებს ის, რომ ის არის საქმის მკეთებელი, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ადამიანი. მეორე მხრივ, ის ყოველთვის აფიქსირებს თავის ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედანზე კახა კალაძე ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.