კალაძე: 2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი – არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლებში

437

2018-2021 წლებში, დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისათვის ჯამში 403 500 000 ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მოცემულ პერიოდში, სრულად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ხოლო ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები ჩატარდა 422 ქუჩაზე.

„ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გუნდს – დედაქალაქის მთავრობას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვამბობდი და მინდა გავიმეორო, რომ მარტო ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს და შეუძლებელია, იფიქრო წარმატებაზე, განვითარებაზე, თუ ზურგს არ გიმაგრებს ძლიერი გუნდი. გავთამამდები და ვიტყვი, არასდროს ამდენი პროექტი ერთად არ განხორციელებულა, რამდენიც ამ წლების განმავლობაში და ეს არის იმ დიდი გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. შედეგიც სახეზეა და საზოგადოება ხედავს ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებულ საქმეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

განხორციელებული პროექტების დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.

„როდესაც რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება სრული რეაბილიტაცია და არა მხოლოდ ასფალტის საფარის, არამედ მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ელექტროსადენების მიწის ქვეშ ჩატანა, ახალი, გამწვანებული არეალების დამატება, გარეგანათების ახალი ქსელის დამატება და ა.შ.“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, 2018-2021 წლებში რეაბილიტირდა: კახეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირი, ბარათაშვილი აღმართი, რობაქიძის გამზირი, დუმბაძის გამზირი, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ბარათაშვილის ქუჩა, ასევე, ლეხ კაჩინსკის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ხოჭოს ტბის, კოსტავას, შარტავას, კანდელაკის ქუჩები, სოფელი დიღომი – დიდგორი – თელოვანის საავტომობილო გზა. ამავე პერიოდში მოეწყო: დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი – ნაფეტვრების გზის მონაკვეთი და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები.