სუბარი: დევნილთა დახმარების მიმართულებით გასატარებელ რეფორმაზე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ

371

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNHCR) ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოში სალომე ქუსიკაშვილს და იოჰან ფრანცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს მათ შორის, ეს ეხებოდა როგორც თავშესაფრის მაძიებელ პირთა ასევე, დევნილთა მიმართ გასატარებელ სოციალურ პოლიტიკას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საჭიროა გარკვეული სერვისების მიწოდება ხდებოდეს მუნიციპალიტეტებში და ამ პროცესში უფრო მეტად ჩაერთონ თვითმმართველობები.

„რეფორმა, რომელიც სახელმწიფომ დაიწყო შეჩერებულია. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის ვალდებულება რომელიც სახელმწიფოს ჯერ კიდევ 2008 წლიდან აქვს აღებული თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა რეფორმის გატარება. ასევე, მნიშვნელოვანია თავშესაფრის მაძიებელ პირთა სოციალური დახმარების მიმართულებით, გარკვეული სერვისების მიწოდება ხდებოდეს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში ამ პროცესში უფრო მეტად ჩაერთონ თვითმმართველობები. არ ხდებოდეს ყველაფრის ცენტრალიზებულად მართვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.