სამეგრელო-ზემო სვანეთში 4 სკოლის მშენებლობა სრულდება, 6 სკოლის მშენებლობაზე კი ტენდერია გამოცხადებული

315

სამეგრელო-ზემო სვანეთში 4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, 6 სკოლის მშენებლობაზე კი ტენდერია გამოცხადებული.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.

„მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. ამჯერად წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრებთან ერთად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასაც გავეცანით და სამომავლო პროექტები დავსახეთ. გამოვყოფ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ჩვენ ამ დროისთვის ოთხ სკოლას ვაშენებთ და ვიწყებთ 6 ახალი სკოლის სამშენებლო პროცესს, ასევე ავაშენებთ 25 ახალ საბავშვო ბაღს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის და წალენჯიხაში ჯვარის წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობას, მის მოადგილეებთან და მერებთან ერთად გაეცნო.

„ჯვარში ხორციელდება წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის სამუშაოების 85 პროცენტი უკვე თითქმის დასრულებულია, იყო გარკვეული შეფერხებები, თუმცა ამჟამად პროექტი სრული დატვირთვით მუშაობს, გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.