ფინანსთა სამინისტროს ავტორიტარული ვნებანი, ანუ ამბავი იმაზე, თუ რატომ წირავს უწყება მუნიციპალიტეტებს მუდმივი სიღატაკისთვის

2229

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

ჩვენი ახალი ფინანსთა მინისტრი ან ავტორიტარიზმის მოყვარული კაცია, ანდა – ძალიან არაკომპეტენტური თანამდებობის პირი. საქმე ისაა, რომ 11 ივნისს ლაშა ხუციშვილი მინისტრის რანგში პირველად იმყოფებოდა პარლამენტში “მინისტრის საათზე”, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფისკალური დეცენტრალიზაციის შესახებ დეპუტატ ხათუნა სამნიძის შეკითხვასაც უპასუხა. ამ პასუხმა კი სწორედ ის შთაბეჭდილება დატოვა, რითაც სტატია დავიწყე.

“მინდა გკითხოთ საშემოსავლო გადასახადის წილის დატოვებაზე ადგილებზე თვითმმართველობებში. ამაზე იყო საუბარი, 2019 წელს სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა. მერე ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროს უნდა შეესწავლა და უკვე ამ საკითხის გადაჭრა უნდა მომხდარიყო, რომ ადგილზე დარჩენილიყო საშემოსავლო გადასახადის ნაწილი. ამ მიმართულებით რა პოზიცია გაქვთ და, თუ გრძელდება მაინც ამაზე მუშაობა? 2 წელი კი გავიდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი თემაა”, – ჰკითხა სამნიძემ მინისტრს.

რა უპასუხა ხუციშვილმა? ის, რომ ამ დრომდე არც უწყებაში და არც მთავრობაში ამ საკითხზე, ფაქტობრივად, არც უმსჯელიათ და, თურმე, ახლა შეიძლება, იმსჯელონ, მაგრამ როგორც მინისტრი ამბობს, არა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის რეალურ გაზრდაზე, არამედ იმაზე, რომ “ყველაზე ეფექტური გზებით მოხდეს ადგილობრივ თვითმმართველობამდე თანხების მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტიდან”. აი, სრული პასუხიც:

“რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის წილის დატოვებას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ამასთან დაკავშირებით პოზიცია არის ის, რომ, ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის და თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობა ნამდვილად გაიზარდოს. რა მექანიზმით მოხდება ეს, კონკრეტულად საშემოსავლო გადასახადებით მოხდება, თუ ეს მოხდება, ვთქვათ, სხვა ინსტრუმენტით, რომელიც არის, მაგალითად, დღეს, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 19% ირიცხება ადგილობრივ თვითმმართველობაში, ამაზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მსჯელობა გავაგრძელოთ და მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ ყველაზე ეფექტური გზებით მოხდეს ადგილობრივ თვითმმართველობამდე თანხების მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტიდან”.

რთულია იმის დაჯერება, მინისტრმა არ იცოდეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობა თვითმმართველობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მობილიზებით არ იზრდება, თუნდაც ეს, როგორც თავად ამბობს, ყველაზე ეფექტური გზებით ხდებოდეს. მაგრამ ფინანსთა სამინისტრო რის ფინანსთა სამინისტროა, თუ აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარი ამჯერადაც არ თქვა?!

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო, ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი უწყება იყო, ვინც ამ რეფორმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ფისკალური დეცენტრალიზაცია, ფაქტობრივად, ჩააგდო კიდეც. არადა, რაც არ უნდა უფლებამოსილებები მიანიჭო თვითმმართველობას, თუ ის ფინანსურად უზრუნველყოფილი და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი არ არის, ის სრულყოფილად და ეფექტურად, უბრალოდ, ვერ ფუნქციონირებს.

გავყვეთ თანმიმდევრულად:

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 154-ე მუხლით (ბიუჯეტებს შორის შემოსულობების გამიჯვნა), საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად წარედგინა “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა  სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის შემოსულობების გამიჯვნას პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით.

ამავე კანონპროექტით უნდა განსაზღვრულიყო სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორცია და მექანიზმი, აგრეთვე, მუნიციპალიტეტებისათვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის პროცენტული მიმართება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან და გათანაბრებითი ტრანსფერის განაწილების შესაბამისი წესი. კანონპროექტის მომზადება კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა უზრუნველეყო.

რა გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ? კანონი დაარღვია და კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნა არ შეასრულა! შემდეგ კი, 2018 წლის დეკემბერში, სწორედ მისი ინიცირებით, პარლამენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებები შეიტანა და ეს მუხლი კოდექსიდან საერთოდ ამოიღო! ამ მუხლის გაქრობით კი, თავისთავად ცხადია, ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულება თავიდან მოიშორა.

სამაგიეროდ, სწორედ იმ დროს, როცა თვითმმართველობისთვის მართლაც რეალური ფისკალური დამოუკიდებლობის მინიჭებაზე უარი თქვა, უწყებამ ახალი ველოსიპედი გამოიგონა. აი, იმგვარი, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში რომ არ არსებობს: მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერი საერთოდ გაუუქმა,  საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც კი, რაც 2016 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩებოდა, 2019 წლიდან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში გადაანაცვლა, მუნიციპალური ბიუჯეტებისთვის კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დღგ-ის 19%-ის განაწილების გადაწყვეტილება მიიღო. 

რა შედეგი მოჰყვა ამ ცვლილებას? განსაკუთრებული არაფერი – მუნიციპალური ბიუჯეტები მცირედით გაიზარდა, მაგრამ ისინი კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებულნი დარჩნენ.

რაც მთავარია, დაფინანსების ასეთი სისტემა კვლავ თვითმმართველობის ეკონომიკური აქტივობის დემოტივატორად დარჩა, იმიტომ, რომ ამ მოდელით თვითმმართველობის შემოსავალი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზარდოს, თუკი მთელს ქვეყანაში გაიზრდება მშპ. ამიტომაც, არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იმუშავებს მუნიციპალიტეტი, თუ ცუდად, იქნება აქტიური, ინიციატივიანი, საქმეზე ორიენტირებული, თუ მხართეძოზე წამოწოლილი, ვინაიდან მას ბიუჯეტი მხოლოდ იმდენით მოემატება, რამდენადაც გაიზრდება ქვეყნის მშპ. 
ამ ცვლილების პარალელურად, ფინანსთა სამინისტრომ თვითმმართველობას გათანაბრებითი ტრანსფერიც გაუუქმა, არადა, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მას ტრანსფერის განაწილების ეფექტური წესის შემუშავებას სთხოვდა. ქართული კანონმდებლობის უგულვებელყოფის პარალელურად, უწყებამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზეც თქვა უარი.

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული “თვითმმართველობის ევროპული ქარტიის” მიხედვით, „ფინანსურად სუსტი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა დაცვა მოითხოვს ფინანსური გათანასწორების პროცედურების, ან სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, რომელთა დანიშნულებაა, გამოასწორონ ფინანსების პოტენციური წყაროებისა და ფინანსური ვალდებულებების არაადეკვატური განაწილების შედეგები. ამაგვარი პროცედურები ან ზომები არ შეზღუდავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თავისუფლებას მათი კომპეტენციის ფარგლებში”.

ევროსაბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი, სხვადასხვა წელს, საკუთარ რეკომენდაციებში მუდმივად მიუთითებდა, რომ გადასახედი და დასახვეწი იყო გათანაბრების პოლიტიკა. ხელისუფლებამ კი, იმის ნაცვლად, რომ გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის შეცვლაზე ემსჯელა, მუნიციპალიტეტებს ტრანსფერი საერთოდ გაუუქმა. დაფინანსების ახალი მოდელით მუნიციპალიტეტებს შორის უთანასწორობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რომ რჩება, ეს 2019, 2020 და 2021 წლების ბიუჯეტებიდანაც ნათლად ჩანს.

2 წლის თავზე ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ იმას “მიხვდა”, რომ დღგ-ის განაწილების წესი სულაც არ აღმოჩნდა ეფექტური და სამართლიანი, ამიტომაც განაწილების ახალ პრინციპზე მუშაობა დაიწყო. ფინანსთა მინისტრის მიერ სამნიძისთვის გაცემული პასუხიც ეგაა – ამიტომ აუარა გვერდი საშემოსავლო გადასახადის საკითხს და კვლავ დღგ-ის განაწილების პრინციპზე გააკეთა აქცენტი.

ამჯერად უწყება უკვე მთავრობის (რომლის წევრიც თავადვე არის) მიერ დამტკიცებულ პოლიტიკის დოკუმენტს – დეცენტრალიზაციის სტრატეგიას უგულვებელყოფს. არ გეგონოთ, ამ სტრატეგიის შემუშავება ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობის გარეშე მომხდარიყოს. პირიქით, სამუშაო ჯგუფების სხდომები მუდმივად ამ უწყების შენობაში მიმდინარეობდა და მას მუდმივად ესწრებოდა ყველა ფინანსთა მინისტრის, ვინც კი 2013 წლიდან გვყოლია, უცვლელი მოადგილე. ერთწლიანი დავისა და კამათის შემდეგ კი, სტრატეგიაში, მოსწონს ეს სამინისტროს თუ არა, მკაფიოდ ჩაიწერა: “საშუალოვადიან პერსპექტივაში საბიუჯეტო კოდექსში მომზადდება ცვლილებები, რომელთა მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლების გაზრდა მათი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. ამ კუთხით განხილული იქნება საშემოსავლო გადასახადის საზიარო წილის/პროცენტის ცვლილება. შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა საშემოსავლო გადასახადის ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად”.

დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019 წლის ბოლოს დამტკიცდა. სამუშაო პროცესში ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ დასაზუსტებელი ჰქონდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირთა ბაზები და ამ ბაზების მოსაწესრიგებლად 1 წელი ითხოვა. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდებოდა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებაც. ეს ვადა 2020 წლის დეკემბერში გავიდა. ახლა უკვე 2021 წლის პირველი ნახევარი სრულდება და ფინანსთა სამინისტრო კვლავ სირაქლემას პოზით ცდილობს, ეს პრობლემური საკითხი არ გადაწყვიტოს.

არც იმას გვეუბნება, ჩემი და თქვენი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი რატომ არ უნდა დარჩეს იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის სერვისებსაც მოვიხმართ. ამაზე ლოგიკური და არგუმენტირებული პასუხი, უბრალოდ, არ არსებობს, გარდა ერთისა – ფინანსური კონტროლი მუნიციპალიტეტების პოლიტიკური კონტროლის უმთავრესი იარაღია. ამ იარაღს კი მმართველი პარტია და მისი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ჯიუტად არ თმობს.