ფინანსთა მინისტრი: მომდევნო 4-წლიან პერიოდში ვგეგმავთ 20 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას

371

მომდევნო 4-წლიან პერიოდში ვგეგმავთ 20 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოს საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო ინარჩუნებს პოზიციას ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში.

„ამ მიმართულებით რეფორმები კვლავ გრძელდება და მათ შორისაა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, შემუშავებულია საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია, რომელშიც ასახულია პროექტების შერჩევისა და შეფასების მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა. რეფორმის მთავარი მიზანია, ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის მქონე პროექტები. ამასთან, პანდემიის გავლენით გაზრდილი მთავრობის ვალის პირობებში, მომდევნო წლებში საკრედიტო რესურსებით დაფინანსდება მხოლოდ მაღალი ეკონომიკური უკუგების მქონე პროექტები, ხოლო ის პროექტები, რომლებსაც ეკონომიკურზე მეტად სოციალური ეფექტები აქვს, დაფინანსდება საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.