თბილისი ნარჩენების განცალკევებულად შეგროვებისთვის ემზადება – მოსალოდნელია ნაგვის გადასახადის ზრდა

485

დედაქალაქი ნარჩენების განცალკევებულად შეგროვებისთვის ემზადება – ეს ნიშნავს, რომ განცალკევებით უნდა შეგროვდეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენი (პლასტიკი, მინა, ქაღალდი) და შემდეგ გადამუშავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების სეპარირება ქვეყანაში 2019 წლიდან უნდა დაწყებულიყო, შესაბამის სტრატეგიაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. პროექტს EBRD-ის დაფინანსებით “თბილსერვის ჯგუფი” და დედაქალაქის მერია ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

„თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი – თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა ნაბიჯი, რომლიც დედაქალაქს საბოლოოდ ნარჩენების რაოდენობის შემცირამდე მიიყვანს.

“სტრატეგია უნდა შემუშავდეს წლის ბოლომდე, მისი ნაწილი იქნება სეპარირებული შეგროვების დაწყების თარიღიც: თუ რა ტიპის სეპარირებული ნარჩენების შეგროვებით უნდა დავიწყოთ რეფორმა. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობასაც დაველაპარაკოთ, რომელი წლიდან რა სეპარირებაზე გადავიდეთ”, – ამბობს “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე “საქმის კურსთან” საუბრისას.

რა დაუჯდება თბილისს მთლიანობაში რეფორმაზე მუშაობა და შემდეგ მისი იმპლემენტაცია სწორედ სტრატეგიის დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს.

სანამ გადაწყდება, რა მოდელს აირჩევს დედაქალაქი, რამდენი და რა მოცულობის ურნა, სად უნდა დამონტაჟდეს ნარჩენების განცალკევებულად შეგროვებისთვის, მანამდე თბილისში ნარჩენების ანალიზი მიმდინარეობს.

ლუდვიგ შტრეფი გერმანული კონცორციუმის წარმომადგენელია, რომელიც ევროპელ სპეციალისტებთან ერთად დედაქალაქის სხვადასხვა ზონაში შეგროვებული ნარჩენების შემადგენლობას სწავლობს. შტრეფი ამბობს, რომ თუ ზუსტად გვეცოდინება რა ოდენობის პლასტიკი ან შესაფუთი ნარჩენები გროვდება დედაქალაქში, შესაძლებელი იქნება, ზუსტად განვსაზღვროთ, რა ტიპის ტექნოლოგიებია საჭირო ნარჩენების სწორად მართვისთვის

“აქ, ზუსტად ახლა, ჩვენ ვწერთ ისტორიას ნარჩენების მართვის მიმართულებით, რადგან თბილისში მსგავსი რამ არასოდეს განხორციელებულა, არასოდეს ყოფილა ნარჩენების ასეთი დეტალური ანალიზი. ეს ყველაფერი დაგვანახებს რა ოდენობის ნარჩენია, რომლის გადამუშავებაა შესაძლებელი, რამდენია ორგანული ნარჩენი და ა.შ. კიდევ უფრო დეტალურ ანალიზზეც არის საუბარი, მაგალითად გადამუშავებადი ნარჩენიდან რამდენია პლასტიკი, აქედან რამდენია ბოთლი, პოლიეთილენის პარკი, შერეული პლასტიკი და ა.შ.”,- აცხადებს ევროპელი ექსპერტი.

როდის გადავა თბილისი ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებაზე, სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს. რაც ახლა ზუსტად ვიცით, ის არის, რომ ახალი სისტემა ნარჩენების გადასახადებს გაზრდის.

“ყველაფერი, რაც სისტემას აუმჯობესებს, ზრდის მის ფასსაც. მუნიციპალიტეტთან ერთად ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება მოვახერხოთ, რომ ტარიფი მინიმალურად გაიზარდოს. თუმცა, სისტემამ რომ იმუშაოს მოქალაქეებს მოტივაციაც უნდა მივცეთ. მაგალითად, გერმანიაში ნარჩენების 4 კონტეინერი მაქვს სახლში, ყველაზე დიდ თანხას ვიხდი იმ ნარჩენისთვის, რომლის გადამუშავებაც არ ხდება, თუმცა, მაგალითად, უფასოა გადამუშავებადი და შესაფუთი ნარჩენის გატანა, ამიტომ მეც მოტივირებული ვარ, რომ ნარჩენები განვაცალკევო და ყველაფერი ერთად არ ჩავყარო”,- აცხადებს ლუდვიგ შტრეფი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, რამდენიმე უბანში უკვე არსებობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისთვის გამოყოფილი ურნები, ირკვევა, რომ რეალურად ისინი დანიშნულებისამებრ არ მუშაობს, რადგან საბოლოოდ, ნარჩენები მაინც ლილოს ნაგავსაყრელზე თავსდება. “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს ეს მხოლოდ მოსახლეობაში ცნობიერების და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.

“დღეს ამ ნარჩენების გადამუშავება არ ხდება, ხდება მათი განთავსება ლილოს ნაგავსაყრელზე. მისი გადამუშავება რა ტექნოლოგიით უნდა მოხდეს, ეს სტრატეგიაში იქნება ასახული. დღეს სეპარირებული ურნები მხოლოდ ცნობადობის ამაღლების მიზნით არის “,- ამბობს რომეო მიქაუტაძე “საქმის კურსთან”.

ნარჩენების მართვის რეფორმის ფარგლებში “თბილსერვის ჯგუფი” ახალი ნაგავმზიდების შეძენასაც აპირებს. “თბილსერვის” ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ EBRD-თან ერთად უკვე გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერი და თბილისს წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყიში 70 ახალი ნაგავმზიდი ეყოლება.

ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების პარალელურად, თბილისის მერია აპირებს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიაც დაიწყოს, რათა ერთი მხრივ, მოქალაქეებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოს მათი ჩართულობა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც 15 მლნ ევროს შეადგენს, მიმდინარე პროექტი 20-თვიანი ინიციატივაა, რომლის პრაქტიკული შესრულებაც 2020 წლის 16 იანვარს დაიწყო. მისი მიზანია თბილისისათვის მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების 10-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, გეგმის შესრულების საწყისი ეტაპის ხელშეწყობა.