აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება – რა ღონისძიებები იგეგმება

311

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე 12 საათიდან დაიწყება და 22:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დაგეგმილია ფრანების შოუ, ავიაშოუ, ბათუმის დრამატული თეატრის წინ სპექტაკლის ჩვენება, საზაფხულო თეატრთან გაიმართება მუსუკალური ღონისძიება.

15 ივნისს მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე მოქალაქეებს უფასოდ უმასპინძლებენ.

ტურისტული სეზონის გახსნის დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილია ზღვაში სიმბოლური ლენტის გაჭრა, რომელსაც წელს პირველად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები გააკეთებენ.

“15 ივნისს აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რაც იმას ნიშნავს, პანდემიის პარალელურად კვების, განთავსების და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო. წელს ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. რაც გამოიხატება ღონისძიების დაგეგმვის ნაწილში.

ჩვენ წერტილოვანი ღონისძიებები დავგეგმეთ და ვერ ვახერხებთ მასშტაბური ფესტივალის ორგანიზებას.  კერძო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები თავად გაჭრიან სიმბოლურ ლენტს, რაც პასუხისმგებლობის გაზიარებას გულისხმობს” – აცხადებს თინათინ ზოიძე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ტურისტებს ელოდებიან, როგორც მეზობელი, ასევე სამიზნე ქვეყნებიდან. განსაკუთრებული ინტერესი  არის ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან. 

”პანდემიიდან გამომდინარე ტურისტების ნაკადის წინა წლის მაჩვენებელთან დაბრუნება ვერ მოხერხდება, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში, როცა ინფიცირებულთა მაჩვენებელი შემცირებულია, საქართველო მიმზიდველი  ქვეყანა იქნება და უსაფრთხო ადგილი მოგზაურებისთვის. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად სტანდარტების და რეგულაციების დაცვა, ასევე უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა მოგზაურების მოსაზიდად. პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე სხვა ქვეყნებშიც ყოველ ორ კვირაში ეპიდემიოლოგიური ვითარება იცვლება” – ამბობს თინათინ ზოიძე.

საქართველომ საჰაერო საზღვრის შემდეგ სახმელეთო საზღვარიც გახსნა.