ბასილაია: 15 პარკის რეაბილიტაცია მოხდა ამ პერიოდში, თუმცა 15-ზე მეტ მისამართზე ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა მწვანე ინფრასტრუქტურის მშენებლობა

446

15 პარკის რეაბილიტაცია მოხდა ამ პერიოდში, თუმცა 15-ზე მეტ მისამართზე ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა მწვანე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში 100 ჰექტარი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საამაყო პროექტი არის თემქის ხევის პარკი, რაც ახალი საქალაქო პარკია და სწორედ გენგეგმით დაევალა ქალაქს ამის განხორციელება. ეს არის ტერიტორია, რომელიც აქამდე იყო ჭაობი და ნაგვით იყო სავსე. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და ჯამში 36 მილიონი ლარი დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან. აქტიურად ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი ახალი პარკის მშენებლობას არსებული სივრცეების რეაბილიტაციის პარალელურად. შედეგი ნამდვილად იქნება ის, რომ თბილისი იქნება უფრო გამწვანებული. 100 ჰექტარი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა სამი წლის განმავლობაში, რაც ძალიან შთამბეჭდავია. დაგეგმილ პროექტებს რომ გადავხედოთ, თუნდაც მხოლოდ თბილისის დენდროლოგიური პარკი რომ ავიღოთ, ეს არის 160 ჰექტარი, თბილისის ზღვის მიმდებარედ და ჩვენ ძალიან დიდი საქალაქო პარკის მოწყობას ვაპირებთ. ასევე დიღმის ჭალებია ძალიან მნიშვნელოვანი. ესეც ის პარკია, რომელიც გენგეგმით დაევალა დედაქალაქს. აქაც მოვრჩით პროექტირებას და მოვიპოვეთ დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან. შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოვაცხადებთ“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.