როდესაც ჩვენ მოვედით, ჩამოვაყალიბეთ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, რომელიც არა მხოლოდ მწვანე ნარგავებზე იზრუნებდა, არამედ გავლენას მოახდენდა ისეთ საჭირო კომპონენტებზე, როგორიც არის ნარჩენების მართვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.
„დღეს ვერ იქნები თანამედროვე ქალაქი, თუ არ გაქვს ეკომეგობრული, თანამედროვე ნარჩენების მართვის სისტემა. სამწუხაროდ ეს თბილისს არ აქვს და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. მოსვლის დღიდან შევქმენით კონკრეტული გეგმა და სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულების ბევრი სპეციალისტი არ გვყავს. ჩვენ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად, უცხოელი ექსპერტების დახმარებით დავიწყეთ მუშაობა კონკრეტულ სტრატეგიაზე. დღეს უკვე ამ პროცესის ბოლოში გავდივართ. ჩატარდა სერიოზული კვლევები, შეისწავლა რა ტიპის ნარჩენი გვაქვს ქალაქში. ბევრი ტექნოლოგია არსებობს, როგორ შეგროვდეს, როგორ გადამუშავდეს ეს ნარჩენი. ეს არის მასშტაბური პროექტი და ჩვენ გვინდოდა, რომ გეგმა ყოფილიყო სწორი და ეფექტური, ამიტომაც ჩავრთეთ ექსპერტები იბიარდის დახმარებით. მალე დავასახელებთ თარიღს, როდის გადავა სეპარირებულ შეგროვებაზე ჩვენი დედაქალაქი. ეს იქნება პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საბოლოო მიზანია დავიწყოთ ნარჩენების მეორადი გამოყენება. ვმუშაობთ კონცეფციაზე, რა იქნება ყველაზე ეფექტური გზა. ბევრი მეთოდი არსებობს მსოფლიოში. ჩვენ ვმუშაობთ დეტალებზე, რომ ეს მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ნარჩენი სეპარირდება იმისთვის, რომ შემდეგ მისის დიდი ნაწილი გადამუშავდეს, ეს არის მიზანი. ამისკენ მივდივართ ჩვენ“, – განაცხადა ბასილაიამ.