ჩვენი მიზანია, რომ თბილისის ყველა უბანში იყოს სკვერი თუ პარკი და ეს არის ის მიზანი, რასაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტები განახორციელა, ჰაერის პრობლემა საბოლოოდ მოგვარებული არ არის და ამ მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას.
„სამ წელზე ცოტა მეტ დროში ჩვენ მოვაწყვეთ 1000-ზე მეტი სკვერი, 15-ზე მეტი პარკი ავაშენეთ და 60-ზე მეტი გზაგამყოფი კუნძული მოვაწყვეთ, რაც საბოლოო ჯამში 100 ჰექტარი ფართობია. ჩვენი მიზანია, რომ თბილისის ყველა უბანში იყოს სკვერი თუ პარკი და ეს არის ის მიზანი, რასაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სივრცე, რაც გამოყოფილია სიმწვანისთვის, გაყიდულია და კერძო საკუთრებაშია. ერთ-ერთი ასეთი სამწუხარო მაგალითია დიღმის ტყე-პარკი, რაც ერთ-ერთი დაპირებაც იყო ჩვენი, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ სრულად იყო კერძო საკუთრებაში. ჩვენ მოსვლის დღიდან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და დიდი ნაწილი უკვე გამოვისყიდეთ. აუცილებლად მივიყვანთ ამ პროცესს ბოლომდე და დიღმის ტყე-პარკს დავუბრუნებთ ქალაქს. ეს არის ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.