ახალციხეში, ნიკოლაძის ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით 2021 წლის 9 თებერვალს უნდა ჩაბარებულიყო ორჯერ გახანგრძლივდა და ისევ არ დამთავრებულა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნიკოლაძის ქუჩაზე კედლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2020 წლის 30 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ლელომ“ გაიმარჯვა. კედლის რეაბილიტაციის თანხა 184 519 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო, სამუშაოები 2021 წლის 9 თებერვლის ჩათვლით დაესრულებინა.
კომპანიამ ამ დროში სამუშაოს დასრულება ვერ შეძლო. ,,ლელოს“, პროექტის დასრულების ვადად 31 მაისი განესაზღვრა.
„სამხრეთის კარიბჭე“ მიმდინარე წლის აპრილში დაინტერესდა თუ რატომ ვერ მოხერხდა ვადების დაცვა, მაშინ მერიაში განგვიცხადეს, რომ პროექტში კორექტირება შევიდა და სამუშოები 31 მაისის ჩათვლით დასრულდებოდა. სამუშაო არც აპრილში განახლდა და შესაბამისად, ვერც მეორე ვადაში დასრულდა.
ახალციხის მერიისა და შპს „ლელოს“ ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება მიმდინარე წლის 31 მაისს შევიდა, შედეგად კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადად 30 ივლისი განესაზღვრა. დაჯარიმდა თუ არა კომპანია ვადაგადაცილების გამო, ან რა გახდა პროექტში ორჯერ ცვლილების შესვლის მიზეზი, უცნობია ახალციხის მერიამ შპს “ლელოს” ხელშეკრულების ფარგლებში 62 599 ლარი უკვე გადაურიცხა, რაც საერთო თანხის 34%–ია.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს – რაც გაკეთდა ისიც ნახევრად დაინგრა.
ნიკოლაძის ქუჩაზე, სამუშაო ადგილზე მისულებს შპს „ლელოს“ მიერ დაქირავებული მუშები დაგხვდნენ, მათი განცხადებით მუშაობა ახლა დაიწყეს, მანამდე სამუშაოებს სხვა პირები ასრულებდნენ.
„კორექტირება შეიტანეს პროექტში, რაღაცეები დაემატა რაღაცეები მოაკლდა,” – ამბობს „ლელოში“ დასაქმებული, თენგო საჯაია.
„ნიკოლაძის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობის პროცესში, გამოიკვეთა პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. სამშენებლო სამშენებლო ობიექტის რთულ რელიეფზე მდებარეობის გამო, საპროექტო ორგანიზაციის მხრიდან, ტერიტორიაზე დამატებითი კვლევები ჩატარდა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა. ცვლილება შეეხო ძირითადად კონსტრუქციულ ნაწილს, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლებულია. კომპანია არ დაჯარიმებულა“, – გვითხრეს ახალციხის მერიაში.
ახალციხის მერიის მხრიდან კონტრაქტორ კომპანიასთან სამუშაოების დროულად არ შესრულების გამო, დაჯარიმების ნაცვლად, ვადის გაგრძელება პირველი შემთხვევა არ არის. რაც ამის შესახებ 2018–2019 წლების აუდიტის დასკვნაშიც წერია. ანგარიშის თანახმად, ახალციხის მერია მოქმედებდა კერძო კომპანიების ინტერესის სასარგებლოდ და იმ შემთხვევებში, როცა მიმწოდებელი არაკეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მერია სათანადოდ არ რეაგირებდა.