თბილისის ბაგა-ბაღების 267, ფოთის 53, ქუთაისის 5 და რუსთავის 3 აღმზრდელ პედაგოგს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, სკოლამდელი განათლების ეფექტიანი მოდელის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია შესაბამისი განათლების მქონე პედაგოგები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ბავშვებზე ზრუნვა, მათი აღზრდა-განვითარება და სკოლისათვის მზაობა.
“სკოლამდელი აღმზრდელის მაღალი კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადა ის უზრუნველყოფს აღსაზრდელების მომზადებას ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში სწავლის გაგრძელებისთვის. განათლების ხარისხიანი სისტემა აყალიბებს ბავშვებში სწავლის მიმართ დადებით დამოკიდებულებას. შესაბამისად, სკოლამდელი განათლების განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის კვალიფიკაციის განსაზღვრა.
2016 წლიდან საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, განასხვავებს აღმზრდელ-პედაგოგებსა და აღმზრდელებს. აღმზრდელ-პედაგოგი არის პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს, ხოლო აღმზრდელი არის პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N478 დადგენილებით განსაზღვრულია მინიმალური კვალიფიკაციის მოთხოვნები, რომელთაც ბაღის აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს”, – წერს აუდიტი.
აუდიტის ცნობით, კანონის მოქმედი რედაქციით, დასასაქმებელი აღმზრდელ პედაგოგის განათლება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
1. ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
2. ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ვალდებულება, დანერგონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, მათ შორის, უზრუნველყონ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
“ა(ა)იპებიდან წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე გამოვლინდა, რომ პერსონალის ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან აქვს ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება. თბილისში აღმზრდელ პედაგოგების, დაახლოებით, 10%-ს – 267 დასაქმებულს არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია და არც გადამზადება გაუვლიათ. ფოთში აღმზრდელ პედაგოგების 35%, ჯამში, 53 პედაგოგი ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ ნორმებს, მათ არ აქვთ შესაბამისი განათლება და არც გადამზადება გაუვლიათ. აღნიშნულ მოთხოვნას ქუთაისში ვერ აკმაყოფილებს 5 პედაგოგი, ხოლო რუსთავში – 3 პედაგოგი.
საბავშვო ბაღების საქმიანობის ხარისხის ასამაღლებლად აღმზრდელ-პედაგოგების სტაბილურად გადამზადების სისტემის შექმნა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, აუცილებელია საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების პერიოდული გადამზადება უწყვეტი განათლების სისტემის უზრუნველყოფის მიზნით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ ატარებენ სათანადო ღონისძიებებს, რათა პერიოდულად გადამზადდნენ პედაგოგები და ამ გზით მნიშვნელოვნად აიმაღლონ კვალიფიკაცია. უწყვეტი განათლების პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია პედაგოგების შესაბამისი ტრენინგებისა და გადამზადების კურსების ორგანიზებას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს.
როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ბაღების ძირითად ნაწილში პრობლემატურია გადატვირთული ჯგუფები. შესაბამისად, ჯგუფებში ბავშვების სიმრავლე, მათი და პედაგოგთა რაოდენობის თანაფარდობის დარღვევა, მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. ისეთ ჯგუფებში, სადაც აღმზრდელთა რაოდენობა საკმარისი არ არის, სათანადო ყურადღება ვერ ექცევა თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს;
აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, 2024 წლიდან იცვლება საბავშვო ბაღების აღმზრდელპედაგოგების მიმართ არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამოქმედებული ცვლილების მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგს უნდა ჰქონდეს შემდეგი კვალიფიკაცია:
- ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
- ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის საბავშვო ბაღების აღმზრდელ პედაგოგების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქუთაისში 656 აღმზრდელიდან 388-ს აქვს პედაგოგიური ან ჰუმანიტარული განათლება, დანარჩენები – სხვადასხვა პროფესიის არიან. რუსთავში 176 აღმზრდელიდან 113-ს აქვს პედაგოგიური და ჰუმანიტარული განათლება, ფოთში 157 აღმზრდელიდან შესაბამისი განათლება აქვს მხოლოდ 67 დასაქმებულს, თბილისში კი გადამზადებას საჭიროებს 267 პედაგოგი.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის მხრიდან საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა წლების განმავლობაში მზარდია, იმ აღმზრდელ პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც 2024 წლისთვის აუცილებელ გადამზადებას დაექვემდებარებიან, რამდენიმე ასეულს მიაღწევს. შესაბამისად, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გარეშე ბაღები არ აღმოჩნდებიან მზად ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. აღნიშნული აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რადგან პედაგოგთა კვალიფიკაცია არსებითი კომპონენტია სასკოლო მზაობისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმ პედაგოგების გადამზადებას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, აუდიტის დასკვნით, ბაღებში დაცული არ არის პედაგოგების უწყვეტი განათლების ორგანიზების პრინციპი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სერვისის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.