თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღები ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო წიგნებისა და სათამაშოების შესაძენად თანხებს პრაქტიკულად არ ხარჯავენ, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2016 წლამდე საქართველოს სკოლამდელი დაწესებულებები მხოლოდ სააღმზრდელო ფუნქციას ასრულებდნენ და ორიენტირებული იყვნენ ბავშვის მოვლაზე. იგნორირებული იყო განათლების კომპონენტი. შესაბამისად, დაბალი იყო ბავშვების სკოლისათვის მომზადების დონე. ზოგადი განათლების არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია დაბალი სასკოლო მზაობა. გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, აღნიშნული პრობლემა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, რაც შემდგომ სისტემურ მუშაობას მოითხოვს.
“ბავშვების ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სათამაშოები და სხვადასხვა ტიპის წიგნები, რომლებიც მათ ეხმარება შეიცნონ სამყარო. აღნიშნული ტიპის ინვენტარი უმნიშვნელოვანესია აღმზრდელობითი ფუნქციის შესასრულებლად.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში ქუთაისის ბაღებში, 5 წლის განმავლობაში, შეძენილია მხოლოდ 19.1 ათასი ლარის ღირებულების სათამაშოები და საბავშვო წიგნები, რაც მთლიანი ხარჯის 0.04%-ია, რუსთავში ეს ხარჯი 215.6 ათასი ლარია, მთლიანი ხარჯის − 0.7%, ხოლო ფოთში დახარჯულია 20.7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების − 0.2%. სათამაშოებისა და საბავშვო წიგნების შეძენაში ყველაზე დიდი თანხა, 475.6 ათასი ლარი დახარჯულია თბილისის ბაღებში, თუმცა ბაღების ჯამურ დაფინანსებაში მისი წილი მცირეა და 0.08%-ს შეადგენს.
მონაცემებიდან ჩანს, რომ საბავშვო ბაღები არ ახორციელებენ ისეთი მნიშვნელოვანი ინვენტარის შეძენასა და განახლებას, როგორებიცაა, სათამაშოები და საბავშვო წიგნები. აღნიშნული ტიპის აქტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, ასევე ბაღების გადასვლა მოვლის პრინციპიდან − აღმზრდელობით საქმიანობაზე, შეუძლებელია შესაბამისი ინვენტარის გარეშე სათანადოდ განხორციელდეს”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების დანახარჯების სტრუქტურის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას. ა
“ღნიშნული ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯები, ბაღების მთლიან გადასახდელებში 0.04%-დან 0.7%-მდე მერყეობს. საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მასზე თანხები პრაქტიკულად არ იხარჯება”, ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.