თბილისის, ქუთაისის და რუსთავის ახლადრეაბილიტირებული საბავშო ბაღების შენობებიც კი სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სისტემებით აღჭურვილი არ არის, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტებმა 26 ახალი ბაღი ააშენეს, თუმცა შენობები სრულად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
“საბავშვო ბაღების შენობების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების ტემპების გათვალისწინებით, არსებული სტანდარტების დაკმაყოფილებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება”, – წერს აუდიტი.
აუდიტის ცნობით, 2019 წლის მდგომარეობით: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში, ჯამში − 256 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 79 ათას ბავშვზე მეტი სწავლობს.
მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილება. ბაღებში აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ.
“თვითმმართველი ქალაქების ბაღებში სრულად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი. კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ახალი ბაღებისა და არსებული შენობების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ახლადრეაბილიტირებული შენობებიც არ არის აღჭურვილი სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სისტემებით
აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი არსებითად არ ზრდის შენობა-ნაგებობის აშენების ღირებულებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალიტეტებს გაეთვალისწინებინათ მათი სათანადო დონეზე მოწესრიგება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
“მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გასაზრდელად 2014-2019 წლებში ახალი ბაღების მშენებლობაზე გადახდილია 43,999.4 ათასი ლარი, ხოლო არსებული ბაღების რეაბილიტაციაზე − 5,591.2 ათასი ლარი დაიხარჯა, არსებული ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. გამოვლენილი გარემოება მიუთითებს მენეჯმენტის მხრიდან სტანდარტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე, რადგან შესაძლებელი იყო, მინიმუმ, ახლადაშენებული ბაღების მოქმედ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა. საჯარო ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურის მოცულობა ვერც სერვისზე არსებული მოთხოვნის სათანადო დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
ამასთან, აუდიტის დასკვნით, შენობები სრულად არ არის აღჭურვილი კანონმდებლობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენობაში ბავშვების დიდი რაოდენობით კონცენტრაციის დროს.
“შესაბამისად, 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტების მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განხორციელებული ღონისძიებები, მიწოდებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას”, – წერია აუდიტის ანგარიშში.