თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში 256 მოქმედი ბაღია, თუმცა არც ერთი მათგანის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“სახელმწიფო მაღალი ხარისხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებას მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს, რაც ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დასტურდება. სკოლამდელი აღზრდის რეფორმირების პროცესში სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ბაღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრა, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება უნდა ჰქონდეს უფასოდ ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდის სერვისით. ასევე, რეფორმის მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა.
მოსახლეობისთვის ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდის სერვისის მიწოდება რესურსების თვალსაზრისით სათანადო მზაობას საჭიროებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბაღების შესაბამისი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, რადგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოსახლეობისთვის გადასახდელის გაუქმებამ არსებითად გაზარდა მოსახლეობის მოთხოვნა საჯარო ბაღებზე”, – წერს აუდიტის სამსახური.
მათივე ინფორმაციით, მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული მზაობა.
“თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში საბავშვო ბაღები ძირითადად განთავსებულია ძველ შენობებში, რომლებიც არ შეესაბამება არსებული კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებსა და მოთხოვნებს. სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ქვეყანაში ვერ ხერხდება ბაღების ავტორიზაციის პროცესის დაწყება, რადგან მათი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს.
ამ გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, შეიქმნას ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი. ა(ა)იპ-ებს და მუნიციპალიტეტებს უნდა გააჩნდეთ გრძელვადიანი დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, შესაბამისი მიზნებითა და ამოცანებით. შესწავლილ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების აშენებასა და არსებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
2014-2019 წლებში, ჯამში − 49,590.6 ათასი ლარია დახარჯული: აქედან, ახალი ბაღების მშენებლობაზე გადახდილია − 43,999.4 ათასი ლარი, ხოლო 5,591.2 ათასი ლარი − არსებული ბაღების კაპიტალურ რემონტზე. მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ბაღების საკუთრებაში არსებული შენობები სრულად ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
როგორც აუდიტი წერს, დიაგრამებზე ჩანს, რომ რუსთავისა და ქუთაისის ბაღებს არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში, სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლები ბავშვის მიღება შეუძლიათ, ვიდრე ფაქტობრივად ჰყავთ. მაგალითად, 2019 წელს რუსთავმა 6518 ბავშვი მიიღო, მაშინ როდესაც არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში, სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, მას მხოლოდ 4475 ბავშვის მიღების საშუალება ჰქონდა, ხოლო ქუთაისმა იმავე წელს 9 439 ბავშვი დაარეგისტრირა, თუმცა სტანდარტების მიხედვით, მხოლოდ 4625 ბავშვის მიღება შეეძლო.
აუდიტის ცნობითვე, თბილისის და ფოთის ბაღებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მათი ინფრასტრუქტურული რესურსი სრულად შეესაბამება ფაქტობრივად მიღებული ბავშვების რაოდენობას.
“ინფრასტრუქტურული რესურსის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის ასევე თბილისში არსებული ბაღები. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის ჯგუფისათვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ბაღებში მიღებული ბავშვების რაოდენობა შეესაბამება არსებულ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, სავარაუდოა, რომ სერვისზე მოთხოვნა გაცილებით უფრო მაღალია მიღებულ აღსაზრდელებთან შედარებით”, – ვკიტხულობთ ანგარიშში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ მოეპოვება ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით 2-დან 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის შესახებ. ასევე, არ არსებობს მონაცემები ქვეყანაში და შესაბამისად, თბილისში არსებული კერძო ბაღების და მათი აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ, ამიტომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს არსებული მოთხოვნის რა ნაწილს აკმაყოფილებს თბილისის საჯარო ბაღები. ამასთანავე, თბილისის ბაღებში მიღების პროცედურები ისეა ორგანიზებული, რომ ვერ ხერხდება იმის დადგენა, რეალურად როგორია მოთხოვნა ბაღების სერვისზე მოქალაქეების მხრიდან.
“კერძოდ, ბაღებში მიღება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ჩაშენებულია მაქსიმალური მისაღები აღსაზრდელების რაოდენობა ბაღების მიხედვით, შედეგად, თუ რეგისტრაციის დაწყებიდან ჯგუფები შეივსო ისე, რომ მოქალაქეთა ნაწილმა ვერ მოახერხა ბავშვის დარეგისტრირება, ის კარგავს შესაძლებლობას − აღსაზრდელი მისთვის სასურველ საჯარო ბაღში მიიყვანოს. აღნიშნული მიღების პროცედურა მოქალაქეთა ნაწილს აიძულებს, ან საერთოდ არ მიიყვანოს ბავშვიბაღში, ან ისარგებლოს კერძო ბაღის სერვისით.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში, ჯამში − 256 მოქმედი ბაღია. არსებული მდგომარეობით, არც ერთი მათგანის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.
2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტებმა 26 ახალი ბაღი ააშენეს, თუმცა შენობები სრულად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. საბავშვო ბაღების შენობების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების ტემპების გათვალისწინებით, არსებული სტანდარტების დაკმაყოფილებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.
2019 წლის მდგომარეობით: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში, ჯამში − 256 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 79 ათას ბავშვზე მეტი სწავლობს.
სკოლამდელი დაწესებულებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილება. ბაღებში აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ.
თვითმმართველი ქალაქების ბაღებში სრულად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი. კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ახალი ბაღებისა და არსებული შენობების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ახლად რეაბილიტირებული შენობებიც არ არის აღჭურვილი სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სისტემებით.
აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი არსებითად არ ზრდის შენობა-ნაგებობის აშენების ღირებულებას.
შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალიტეტებს გაეთვალისწინებინათ მათი სათანადო დონეზე მოწესრიგება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
“მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გასაზრდელად 2014-2019 წლებში ახალი ბაღების მშენებლობაზე გადახდილია 43,999.4 ათასი ლარი, ხოლო არსებული ბაღების რეაბილიტაციაზე − 5,591.2 ათასი ლარი დაიხარჯა, არსებული ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს.
გამოვლენილი გარემოება მიუთითებს მენეჯმენტის მხრიდან სტანდარტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე, რადგან შესაძლებელი იყო, მინიმუმ, ახლადაშენებული ბაღების მოქმედ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა.
საჯარო ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურის მოცულობა ვერც სერვისზე არსებული მოთხოვნის სათანადო დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
ამასთან, აუდიტის დასკვნით, შენობები სრულად არ არის აღჭურვილი კანონმდებლობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენობაში ბავშვების დიდი რაოდენობით კონცენტრაციის დროს. შესაბამისად, 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტების მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განხორციელებული ღონისძიებები, მიწოდებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას.