აუდიტი: თბილისის მერიის ავტოპარკის შემადგენლობაში შემავალი სამორიგეო დანიშნულების ავტომობილების ოდენობა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ რაოდენობას აღემატება

584

თბილისის მერიის ავტოპარკის შემადგენლობაში შემავალი სამორიგეო დანიშნულების ავტომობილების ოდენობა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ რაოდენობას აღემატება, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2015 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებით განისაზღვრა მერიასა და რაიონულ გამგეობებში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ავტომობილების საერთო რაოდენობა. ასევე, მერიის ავტოპარკი დაიყო კატეგორიებად. კერძოდ, სამსახურებრივ და ოპერატიული დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებად და დამტკიცდა საწვავის ხარჯვის ლიმიტები.

“პერსონალური და სამსახურებრივი დანიშნულების ავტომანქანები განკუთვნილია ხელმძღვანელი თანამდებობის პირების გადაადგილებისათვის, ხოლო ოპერატიული ავტომობილების კატეგორია, თავის მხრივ, მოიცავს ე.წ. „სამორიგეო“ ფუნქციის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც.

შემუშავებული რეგულაციით არ იქნა გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები, რის შედეგად, 2017 და 2018 წლების პერიოდებისათვის სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ წლების მიხედვით 9 და 10-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობებს. კერძოდ, 2017 წელს მერიას საკუთრებაში გააჩნდა 237 სამორიგეო, ხოლო 2018 წელს − 280 ავტომობილი.

ცხრილი N4. თბილისის მერიასა და გამგეობებში ავტოსატრასნპორტო საშუალებების ფუნქციური გადანაწილებისა და რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი

ადიტის ანგარიშის მიხედვით, აღმასრულებელ ორგანოებში შემუშავებული წესით არ არის დაცული მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან
მიმართებით დადგენილი რეკომენდაციები. შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკით განსაზღვრული ძირითადი მიზნის მიღწევას, რაც არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციას, მის სარეკომენდაციო რაოდენობასთან მიახლოებას და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას უნდა უზრუნველყოფდეს.

“როგორც N4 ცხრილიდან ჩანს, მერიის კუთვნილი ავტომობილების რაოდენობა არსებითად აჭარბებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულს, თუმცა მერიის მიერ 2018 წელს სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობის საფუძვლით, დამატებით შესყიდულია მაღალი გამავლობის მქონე სამი Ford Ranger Wildtrack-ის მარკის ავტომობილი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ჯგუფის წევრების მიერ მერიის წარმომადგენლებთან ერთად ავტომობილების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ ავტომობილების ოდომეტრის მონაცემები მცირეა მათი ფლობის მთლიან პერიოდთან შედარებით.

“შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დარღვეული იყო მთავრობის დადგენილებით ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, ავტოპარკში არსებული ავტომობილების რაოდენობიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტის ინფორმაციით, რეკომენდებული რაოდენობების გადაჭარბებასთან ერთად არსებობს რისკი, რომ დამატებით, მათ შორის, სამი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვისას, საბიუჯეტო თანხები განიკარგა არარაციონალურად და არაეფექტიანად, ვინაიდან შესყიდული აქტივები სამეურნეო პროცესებში არ გამოიყენება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახრის დასკვნით, თბილისის აღმასრულებელ ორგანოებში არ არის დაცული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა შესაბამისად უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადანაწილებასთან, მათ კლასიფიკაციისა და ზღვრულ ოდენობებთან დაკავშირებული საკითხები.

“კერძოდ, მერიის ავტოპარკის შემადგენლობაში შემავალი სამორიგეო დანიშნულების ავტომობილების ოდენობა არსებითად აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ რაოდენობას. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში მერიის მიერ შესყიდული მაღალი გამავლობის ავტომობილების ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოუყენებლობა მიუთითებს მათი შესყიდვის საჭიროების დაუსაბუთებლობასა და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვაზე”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

აუდიტის რეკომენდაციაა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი სტანდარტის პრინციპების დაცვით, მერიამ შეიმუშაოს წესი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების რაოდენობის განსაზღვრას და მათ
საჭიროების მიხედვით გადანაწილებას, ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციასა და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას.