თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თაბორის მთაზე თბილისელებისთვის განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცე გაკეთდება.
ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რომლებსაც სხდომის შინაარსობრივ მხარესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
გიორგი ტყემალაძის განმარტებით, ერთი საკითხი კვლევიდან გამომდინარე საპარკინგედ შერჩეულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას და ამისათვის ზონალური ცვლილების მიღებას ეხებოდა.
„მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობისთვის უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით და სატრანსპორტო ზონა 1 შეიცვალოს სატრანსპორტო ზონა 2-ით“,- აცხადებს ტყემალაძე.
მისივე თქმით, მეორე საკითხი, თაბორის მთაზე განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცეს ეხებოდა.
„თაბორის მთაზე კეთდება განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცე და ამ ზონის მოსაწყობად მთლიანი ტერიტორიის 1 % ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ზონალური ცვლილება, იმისათვის რომ იქ საირიგაციო სისტემების მოსაწყობად დამხმარე ტექნიკური სათავსოების მოსაწყობად შენობა-ნაგებობები განთავსდეს“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თაბორის მთის ტერიტორია, აუქციონზე ერთ ლარად არის ნაყიდი.
„ტერიტორია თაბორის მთაზე ერთ ლარად კი არა აუქციონზე არის ნაყიდი საბაზრო ღირებულებით და მასში თანხობრივად ათობით მილიონი საინვესტიციო ვალდებულებები დევს. შეგახსენებთ იმასაც, რომ კომპანიამ ღია აუქციონზე შეისყიდა ეს ტერიტორია ისიც დააანონსა, რომ თუ რომელიმე კერძო კომპანიას ექნებოდა ინტერესი ის მზად იყო დაეთმო აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ აქ რაღაც თანხების ეკონომიაზეა საუბარი ეს არის სიცრუე.
დღეს კი ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ კონკრეტულად ზონის ცვლილებებთან დაკავშირებით და არა რომელიმე კომპანიაზე საპარკინგე ტერიტორიის გადაცემის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი