გამოვლინდა 632 შემთხვევა, როდესაც თბილისის მერიის ავტომობილებში ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29 ათასი ლიტრი საწვავი, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ანგარიში 2017-2018 წლებს ეხება და მასში აღნიშნულია, რომ თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობა და გადაადგილება შესაძლოა არ უკავშირდებოდეს სამსახურებრივ საჭიროებებს და, მინიმუმ, 100.7 ათასი ლარის ღირებულების, 51.6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯული იყოს არასამსახურებრივი დანიშნულებით.
ამავე ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ შესყიდულია 3,111.1 ათასი ლარის ღირებულების 1,557.7 ათასი ლიტრი საწვავი.
„სულ 2017-2018 წლებში გამოვლინდა 632 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29.0 ათასი ლიტრი საწვავი.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა ავტომობილების თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 678 დაუსაბუთებელი ფაქტი, რა დროსაც გახარჯულია 43.0 ათასი ლარის ღირებულების 22.6 ათასი ლიტრი საწვავი და შესაბამის დროის მონაკვეთში ავტომობილებში საწვავის ჩასხმის დრო არ ემთხვევა დასაქმებულთა სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის პერიოდს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მერიასა და გამგეობებში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები, რის შედეგადაც 2017 და 2018 წლებში სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ წლების მიხედვით 9 და 10-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობებს, კერძოდ , 2017 წელს მერიას საკუთრებაში გააჩნდა 237 სამორიგეო, ხოლო 2018 წელს − 280 ავტომობილი.
„აღმასრულებელ ორგანოებში შემუშავებული წესით არ არის დაცული მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან მიმართებით დადგენილი რეკომენდაციები. შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკით განსაზღვრული ძირითადი მიზნის მიღწევას.
აღმასრულებელ ორგანოებში შემუშავებული წესით არ არის დაცული მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან მიმართებით დადგენილი რეკომენდაციები. შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკით განსაზღვრული ძირითადი მიზნის მიღწევას.
მერიის მიერ 2018 წელს სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობის საფუძვლით, დამატებით შესყიდულია მაღალი გამავლობის მქონე სამი Ford Ranger Wildtrack-ის მარკის ავტომობილი. რეკომენდებული რაოდენობების გადაჭარბებასთან ერთად არსებობს რისკი, რომ დამატებით, მათ შორის, სამი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვისას, საბიუჯეტო თანხები განიკარგა არარაციონალურად და არაეფექტიანად, ვინაიდან შესყიდული აქტივები სამეურნეო პროცესებში არ გამოიყენება“, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვისას მერიის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნები. შედეგად, მერიას არ მიეცა 318.5 ათასი ლარის დაზოგვის საშუალება.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები ძირითადად წარიმართა უკონკურენტო გარემოში.
რაც შეეხება მერიის აქტივების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში მერიაში არ ჩატარებულა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია.
„2019-2020 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ზედმეტობაში გამოვლინდა 2,668 დასახელების მოძრავი ქონება, ხოლო 2,478.6 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების 1,197.0 დასახელების ნივთი იდენტიფიცირებულია დანაკლისის სახით“, – ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის სამსახური მერიას პრობლემების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციებსაც სთავაზობს.