აუდიტი: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია დროულად ვერ გაიარეს, რის გამოც ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდათ

549

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია დროულად ვერ გაიარეს, რის გამოც ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდათ, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების საქმიანობის სათანადოდ ორგანიზების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებობდეს დაწესებულებების განვითარების დროში გაწერილი სტრატეგია, რათა მათ შეძლონ მაქსიმალურად ოპტიმალურ დროში არსებული სტანდარტების დაკმაყოფილება.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი საკითხია ბაღების ავტორიზაცია. მოქმედი კანონმდებლობით, როგორც კერძო, ასევე, საჯარო ბაღების ავტორიზაციის პროცესს ახორციელებს მუნიციპალიტეტი.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღები აკმაყოფილებენ ავტორიზაციის პირობებს თუ:
• დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად;
• დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
• დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
• დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
• დაწესებულებაში ადამიანური რესურსის კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაპირველი რედაქციის მოთხოვნების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი უნდა დაესრულებინათ 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

“კანონის მიღებამდე, მასზე მუშაობის პროცესში საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან და შესაბამის კომპეტენტურ პირებთან ერთად განიხილავდნენ ახალი რეგულაციების მოთხოვნებს.

შესაბამისად, ორგანიზაციები რეგულაციის მიღებამდე ბევრად ადრე იყვნენ ინფორმირებული ახალი მოთხოვნების შესახებ. ამასთანავე, საბავშვო ბაღების საქმიანობის სტანდარტების შეცვლის შემდგომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა შეექმნათ მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნებოდა განახლებული სტანდარტის პირობებშიავტორიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ.

მიუხედავად კანონის მოთხოვნებისა, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის საბავშვო ბაღებს არ განუხორციელებიათ სათანადო ქმედებები, რათა დაეკმაყოფილებინათ ავტორიზაციის პირობები”, – წერს აუდიტი.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში არ შექმნილა დოკუმენტი, სადაც ასახული იქნებოდა ის ხედვა თუ როგორ აპირებდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტორიზაციის პროცესის დაწყებას.

“ა(ა)იპ-ების მენეჯმენტს არ განუხორციელებიათ სათანადო ღონისძიებები, რომლებიც ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოფდა საბავშვო ბაღების კანონით განსაზღვრული სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, არსებული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების პირობებში, ავტორიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო, ამიტომ მათ ვერ მოახერხეს ავტორიზაციის პროცესის დაწყება.

იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებმა ვერ დააკმაყოფილეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე, გაუხანგრძლივდათ ავტორიზაციის
დასრულების ვადა. მიუხედავად ამისა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ვერ შეძლეს ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ავტორიზაციის დასრულების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა მნიშვნელოვანი პრობლემაა ბაღებში საჭირო ადამიანური რესურსი.

აუდიტის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად ამ მხრივ ორი საკითხი გამოიკვეთა:

1. ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობა არასაკმარისია და არსებითად ჩამორჩება სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. პედაგოგების მნიშვნელოვანი ნაწილი საჭიროებს გადამზადებას და შესაბამისი სერტიფიცირების პროგრამის გავლას.

აუდიტის ცნობითვე, არც ერთ დასახელებულ საკითხზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ დროში გაწერილი გეგმა, თუ როგორ და რა ვადებში აპირებენ საკითხის გადაჭრას. აღმზრდელ-პედაგოგების სათანადო გადამზადება არ მომხდარა. ამავე პერიოდში თითქმის არ გაზრდილა აღმზრდელების რაოდენობა მაშინ, როდესაც სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭიროა აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რათა ბაღების საქმიანობა ყოფილიყო დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისი.

“მუნიციპალიტეტებში არ არის დაცული კანონით განსაზღვრული სტანდარტები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი ხედვა, როდის უნდა უზრუნველყონ მერიებმა საბავშვო ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობა. პასუხისმგებელი ორგანოების საქმიანობა ბაღების განახლებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, არ არის თანმიმდევრული. მენეჯმენტი ძირითადად მიმართულია ყოველდღიური ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ და არ მოიცავს ისეთ აქტივობებს, რაც გრძელვადიანად არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, პრობლემების აქტუალობა სათანადო ღონისძიებების არგატარების შემთხვევაში, წლების განმავლობაში გაიზრდება. 2018 წელს სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით სათანადო წინსვლა არ მომხდარა. ასევე წინსვლა არ არის ბაღების ავტორიზაციის კუთხითაც. სათანადო ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო, ავტორიზაციის პროცესი, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ არის მიღწეული. შესაბამისად, ვადა კიდევ ერთხელ – 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის რეკომენდაციაა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციების საფუძველზე შექმნას დროში გაწერილი ერთიანი სტრატეგია, რათა იცოდნენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საბავშვო ბაღების საქმიანობის სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესში.

“აუცილებელია სამოქმედო გეგმა იყოს თანმიმდევრული და ითვალისწინებდეს ეტაპობრივად განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებს, რათა შესაძლებელი იყოს მისი შესრულების შეფასება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის სათანადოდ წარმართვას და საბავშვო ბაღების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას”, – ვკითხულობთ აუდიტის რეკომენდაციაში.