აუდიტი: 2017- 2018 წლებში თბილისის მერიასა და გამგეობებში სრულყოფილად არ აღირიცხებოდა დასაქმებულთა ნამუშევარი საათები, რის გამოც, შესაძლოა, ხელფასი გაიცემოდა ისეთ დასაქმებულებზეც, რომლებიც სამსახურში არ ცხადდებოდნენ

931

2017- 2018 წლებში თბილისის მერიასა და გამგეობებში სრულყოფილად არ აღირიცხებოდა დასაქმებულთა ნამუშევარი საათები, რის გამოც, შესაძლოა, ხელფასი გაიცემოდა ისეთ დასაქმებულებზეც, რომლებიც სამსახურში არ ცხადდებოდნენ, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში ქ. თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქმედი შინაგანაწესების თანახმად, დასაქმებულთათვის გათვალისწინებული იყო 8-საათიანი სამუშაო დღე, კერძოდ, 9:00 საათიდან 18:00 საათმდე. მათთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობებისა და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიისთვის, სამუშაოს შესრულება დაკავშირებულია ადმინისტრაციული შენობის გარეთ საქმიანობასთან.

ტერიტორიული ორგანოებში მოქმედი შინაგანაწესების შესაბამისად, მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა გამგეობის შენობის გარეთ, ითვლებოდა სამსახურში მყოფად. 2017 წელს მერიასა და მის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული იყო 1,999 ხოლო 2018 წელს -1,931 თანამშრომელი.

ასევე, აუდიტის ცნობით, თბილისის მერიის და გამგეობების მიერ ადმინისტრაციულ შენობებში უცხო პირთა დაშვების, დასაქმებულთა აღრიცხვისა და მათი სამუშაო საათების დათვლის სისტემების მონტაჟის/ინსტალაციის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 226.012 ათას ლარზე მეტი შეადგინა და ადმინისტრაციულ შენობებში დამონტაჟდა ტურნიკეტები და შლაგბაუმები.

“2017-2018 წლებში აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებულთა მიერ მიღებული თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესადარისობის დადგენის მიზნით, პროცესთან დაკავშირებით დანერგილი კონტროლის მექანიზმების შეფასებისათვის, საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მისაღებად, აუდიტის ჯგუფის მიერ გამოთხოვილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებულების სამსახურში გამოცხადებასთან და მათ მიერ ნამსახურები საათების აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ტურნიკეტის ამონაწერები შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით. თუმცა, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არსებობის მიუხედავად, აუდიტის სამუშაო ჯგუფისთვის სრულად ვერ იქნა მოწოდებული გამოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა ინფორმაცია სრულად მიიღო მხოლოდ ვაკის რაიონის გამგეობიდან, სხვა დანარჩენ შემთხვევებში, სტრუქტურული ერთეულების მიერ არ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარდა ალტერნატიული აუდიტორული პროცედურა და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების მხრიდან გამოთხოვილ იქნა მათ დაქვემდებარებაში მყოფი დასაქმებულების, სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის კონტროლის მიზნით, შესაბამისი სამსახურიდან მოთხოვნის საფუძველზე მიწოდებული კორესპონდენცია − ტურნიკეტის ამონაწერები13 (იხ. დანართი N1).

“ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ვაკის გამგეობასა და მერიის ცალკეულ საქალაქო სამსახურში დასაქმებულ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც 2017-2018 წლებში იყენებდნენ ტურნიკეტს შესაბამის პერიოდებში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დასაქმებულების ნამუშევარი საათების საერთო რაოდენობა ზემოაღნიშნული პერიოდების მიხედვით არ შეესაბამება მოქმედი შინაგანაწესების მოთხოვნების სავალდებულოდ შესასრულებელი საათების ჯამურ მოცულობას. კერძოდ, შესწავლილი 183 დასაქმებულიდან 94 პირის მიერ გაცდენილი საათების საერთო რაოდენობამ შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით 21.7 ათასი საათი შეადგინა, რაც 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინების პირობებში, საერთო სამუშაო საათების რაოდენობის 17%-ს შეადგენს”, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნული გარემოებები, აღმასრულებელ ორგანოებში დანერგილ დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დროის კონტროლის სისტემების არაეფექტურობასა და ხელმძღვანელი პირებისაგან მათ დაქვემდებარებაში მყოფი დასაქმებულების სამსახურში გამოცხადებასა და სამუშაო დროის აღრიცხვის არასათანადო კონტროლზე მიუთითებს.

“აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში ვაკის რაიონის გამგეობაში მომუშავე 92
დასაქმებულიდან, მხოლოდ 44 სარგებლობდა დასწრება-აღრიცხვის სისტემით. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ტურნიკეტის, როგორც დასწრება-აღრიცხვის მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმის უგულებელყოფის პირობებში, მსგავს პრეცედენტებს ადგილი ექნებოდა დანარჩენ ტერიტორიულ ორგანოებშიც”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით, საკითხის შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულთა ე.წ. „შესვლა-გასვლის“ აღრიცხვასთან დაკავშირებული ნაკლოვანება, კერძოდ, შესაბამისი თარიღების გათვალისწინებით, მერიის საქალაქო სამსახურებში 139 დასაქმებულიდან 68 პირს 188-ჯერ უფიქსირდება შენობაში მხოლოდ შესვლა, ხოლო 25 დასაქმებულს − მხოლოდ 112 გასვლა, ხოლო ვაკის გამგეობაში დასაქმებულ 44 პირს 1,737 შემთხვევაში უფიქსირდება შენობაში მხოლოდ შესვლა.

“აღნიშნული გარემოებები ზრდის დასაქმებულთა მიერ შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო საათებში უკონტროლო გადაადგილების, მათზე დარიცხული თანამდებობრივი სარგოს ნამუშევარ დროსთან შეუსაბამობის და ტურნიკეტის, როგორც ნამუშევარი დროის აღრიცხვის საშუალების ფორმალურად გამოყენების რისკებს. უფლებამოსილი პირებისაგან მიღებული განმარტებების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების დათვლის/აღრიცხვის მიზნით შესყიდული სისტემები და მოწყობილობები არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ, ასევე შესამოწმებელ პერიოდში ტურნიკეტების გარკვეული რაოდენობა იყო გაუმართავი, მუშაობდა შეფერხებით ან/და მწყობრიდან იყო გამოსული და დასაქმებულთა ნამუშევარი დრო აღირიცხებოდა უშუალოდ საქალაქო სამსახურის უფროსების/გამგებლების მიერ საკომუნიკაციო ჯგუფებში დასაქმებულების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების საფუძველზე. თუმცა, აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის და სხვა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, დასაქმებულთა რეალურად ნამუშევარი დროის აღრიცხვა მსგავსი საკომუნიკაციო საშუალებებით, პრაქტიკული თვალსაზრისით შეუძლებელია”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, აღმასრულებელი ორგანოების მიერ დასაქმებულთა დაშვებისა და ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემების შეძენასა და მომსახურებაში გადახდილი 226.0 ათასი ლარზე მეტი თანხა წარმოადგენს არაეფექტურ ხარჯს.

“ამასთანავე, 2017- 2018 წლებში მერიასა და გამგეობებში არ არსებობდა დასაქმებულთა დასწრებისა და მათი ნამუშევარი დროის აღრიცხვის კონტროლის სრულყოფილი სისტემა, რაც დაადასტურებდა, რომ ანაზღაურებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დასაქმებულთა ნამუშევარი დროის ადეკვატურია. შესაბამისად, განხილულ პროცესში არსებული კონტროლის სისუსტე წარმოშობს რისკს, ხელფასი გაიცემოდეს ისეთ დასაქმებულებზეც, რომლებიც სამსახურში არ ცხადდებიან ან/და მათი სამუშაო დროის გაცდენილი საათების ოდენობა მაღალია”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.