ქვახვრელის სატუმბი სადგური ჩაირთო, – ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სატუმბი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო, ამუშავდა და რამდნიმე სოფელს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის.
ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელთან გაბრიელ მაზმიშვილთან ერთად გაეცნო.
“სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რადგანაც სოფლის მეურნეობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან, რათა ადგილობრივ ფერმერებს გამართული ინფრასტრუქტურა მოემსახუროს და შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სატუმბი სადგური ტექნიკური პრობლემების გამო დროებით შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებისა და საქართველოს მელიორაციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საკითხი დროულად გადაიჭრა. აღნიშნული სადგურის ჩართვის შედეგად სოფლები – დოესი, ხოვლე და გრაკალი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილები იქნებიან. ამავდროულად, უახლოეს პერიოდში იგეგმება სასირეთისა და კავთისხევის სატუმბი სადგურების ჩართვაც, რის შემდეგაც 15-მდე სოფელი გასარწყავიანდება.