მთავრობა: საქართველოს განვითარების 10-წლიანი გეგმა პარლამენტს ივნისში წარედგინება

500

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის მოსამზადებლად ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე რთულად განსაჭვრეტი პერიოდი შეარჩია, რადგან პანდემიის გათვალისწინებით ზრდის მოლოდინები მაღალი სიხშირით იცვლება. თუკი რამდენიმე დღის წინ მთავრობა 2021 წელს 4.3%-იან ზრდას ელოდა, ორშაბათს აპრილის 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ წარდგენილი ანგარიშის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 6.5%-მდე გაიზარდა, რაც სწრაფად ცვალებად გარემოზე მეტყველებს.

აპრილიდან მოყოლებული მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები 10-წლიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდნენ. ახალი სტრატეგიის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს წარდგენილი ერთ-ერთი ინიციატივაა. პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პირველადი დოკუმენტის შემუშავებისთვის ვადა 31 მაისამდე მიეცა. BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის მიმდინარე თვეში პარლამენტს წარედგინება.

“პირველად დოკუმენტზე მუშაობა სამინისტროების მიერ უკვე დასრულებულია. პროცესში ერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს პარლამენტის წევრები. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ივნისში პარლამენტში წარადგენს,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებაში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის წინა სტრატეგიული დოკუმენტი “საქართველო 2020” 2014 წლის ზაფხულში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დამტკიცდა. იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ წინა სტრატეგიის შექმნაზე დიდი დრო და რესურსები დახარჯა, მისი ეკონომიკური თავი მიღებიდან რამდენიმე თვეში არარელევანტური აღმოჩნდა, რადგანც 2014 წლის ბოლოს ლარის გაუფასურება დაიწყო, რის შედეგადაც ეროვნულმა ვალუტამ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა. ასევე დაიწყო რეგიონული ეკონომიკური კრიზისი, რამაც 2015-2016 წლებში საქართველოს განვითარება შეანელა. შედეგად, “საქართველო 2020”-ის სტრატეგიული სამიზნე საქართველოს 2020 წლისთვის მშპ-ის 40%-ზე ნაკლები ვალი ჰქონოდა მიუღწეველი აღმოჩნდა. ასევე მიუღწეველი აღმოჩნდა ამ სტრატეგიული დოკუმენტის სხვა არაერთი პუნქტიც.