„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, შესაძლებელია, მერობის კანდიდატი იყოს ფიგურა, რომელსაც აქამდე პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, თუმცა, ეს აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მერობის კანდიდატი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობის მოპოვებას.
„რაც შეეხება იმას, რომ მერი აუცილებლად აპოლიტიკური უნდა იყოს, ასე საკითხის დასმა არასწორია. ჩვენ უნდა მივუდგეთ საკითხს ასე – მერობის კანდიდატი უნდა იყოს ყველა ფიგურა, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობის მოპოვებას. ზოგადად თქმა რომ პოლიტიკური თანამდებობა არაა მერი, შეცდომაა. ეს არ გამორიცხავს, რომ მერი იყოს ისეთი ფიგურა, რომელსაც აქამდე არ ეკავა პარტიული რაიმე თანამდებობა, ეს შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია ადამიანს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს აუცილებელი პირობა, რადგან ჩვენ არამხოლოდ თბილისში, არამედ საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში გვჭირდება შეჯერება კანდიდატებზე. ამდენი ადამიანი, რომელსაც არ ეკავა არანაირი პარტიული თანამდებობა ვერ აღმოჩნდება. ამას გარდა, იმედი მაქვს, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურები არ უნდა ყოფილიყვნენ. თუ ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთ საკითხზე პოზიციას არ აფიქსირებდნენ, ასეთი ადამიანი ვერ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვერ შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას. მერობა არის პოლიტიკური თანამდებობა, ეს გულისხმობს კრიტიკულ ვითარებაში პასუხისმგებლობის აღების უნარს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფიგურა საზოგადოებას ასეთ ვითარებებში გამოცდილი ჰყავს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი. ხაზარაძე ყველა ოპოზიციონერ ლიდერსა და პარტიას მიმართავს, რომ ამ იდეის გარშემო დაიწყონ ფიქრი.