ვაშაძე: რა დროს იმაზე ლაპარაკია, ვინ იქნება მერი – „სტრატეგია აღმაშენებელს” არ სცალია ამისთვის – ხედავთ, რომ პარლამენტი „მოიქოქა“, ჯერ „თუხთუხის“ სტარტია, ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება

406

წინა სტატია

რა დროს იმაზე ლაპარაკია ვინ იქნება მერი – არ მცალია, „სტრატეგია აღმაშენებელს” არ სცალია ამისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმას იტყვის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რჩება თავისი პრინციპის ერთგული, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს არც ერთ რაიონში მხარს არ დაუჭერს არასდროს, რადგან „ორპოლუსიანი უბედურება უნდა დამთავრდეს”.

„ახლა პოლიტიკაში დრო არის ხალხისთვის. ეს ერთი თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს, პარლამენტში შემოვიტანოთ, რომ ეს ინსტიტუცია ავამუშაოთ. ხედავთ, რომ პარლამენტი „მოიქოქა“. ჯერ „თუხთუხის“ სტარტია. ცოტა ხანში ნახეთ, რა იქნება. ჩემი პოზიცია ივლისში იქნება, ამ განხილვაში შესვლას არ ვაპირებ, სხვამ განიხილოს და იმსჯელოს. ამისთვის არ მცალია, ჩვენ გვცალია ხალხის პრობლემებისთვის,”- განახადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა.

„თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე მიმართავს ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ ამ იდეის გარშემო დაიწყონ ფიქრი.