გორის მერია გარემოს დაბინძურების გამო დააჯარიმეს

375

მყარი ნარჩენების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, გორის მერია დააჯარიმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლემ, ნინო გერგაულმა მიიღო. მოსამართლემ სააგენტოს მიერ შედგენილი საჯარიმო ოქმი განიხილა, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევას ითვალისწინებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საჯარიმო ოქმი იმ ვალდებულებების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც გორის მერიამ არ შეასრულა.

ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გორის მერიამ დაარღვია ამავე კოდექსის 31-ედან 45-ე მუხლის ჩათვლით, არსებული წესები:

ეს დარღვევებია:

– მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

– სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

– შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება

– ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

– მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა

– სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

– ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება

– ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა

– სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა

– ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების ან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა

– 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე

– არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადისა და პირობების დარღვევა

– გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა

– კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა

– ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობა

– სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა

ამავე საქმიდან ირკვევა, რომ მერიას მანამდე მიეცა მითითება, რომელიც არ გაითვალისწინა. ახალი საჯარიმო ოქმის მიხედვით, მერიამ, უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა. ასევე, არ წარუდგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, გიორგი ბატონისაშვილს, რომელიც სასამართლოში გორის მერიის ინტერესს იცავდა, ასევე, მერიის პრეს-სამსახურის 3 თანამშრომელს, თუმცა, ყველა მათგანმა ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავა. საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, გარემოსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად, ყველა სახის ინფორმაცია საჯაროა.