250 000-ლარიანი ტენდერი გურჯაანში – მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს

404

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ოთხი ახალი ავტომანქანის შეძენას აპირებს. შესაბამისი ტენდერი, რომელიც 250 ათასი ლარი ღირებულებისაა, მერიამ უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.

წინადადებების მიღება ტენდერზე უკვე დაწყებულია და ის 31 მაისს უნდა დასრულდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია III კლასის მაღალი გამავლობის, ჯიპის მარკის, 2019 ან მომდევნო წლის გამოშვების უნდა იყოს. სატენდერო პირობებში, მერიამ ავტომობილის ფერიც მიუთითა და განსაზღვრა, რომ შეძენილი ავტომობილი თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, მუქი ნაცრისფერი, მუქი ვერცხლისფერი, ან მუქი ლურჯი იქნება.

გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ძველი ავტომანქანების რემონტში უწყება ბევრად მეტს ხარჯავს.

“ავტო პარკი ძალიან მოძველდა. ბოლო ორ წელიწადში, რემონტში სამასი ათას ლარზე მეტი დავხარჯეთ. ახალი ავტომობილები, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვას სჭირდება,” – განაცხადა ხანდამაშვილმა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, მანანა გოგაშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ცენტრს ამჟამად, მოძველებული ავტომანქანა ემსახურება.

“ახლა გვყავს მოძველებული პაჯერო, რომელიც ხშირად რემონტშია და პანდემიის პირობებში, ხელი გვეშლება. ჩვენ ჯგუფებად ვმოძრაობთ და ერთი ავტომანქანა ცოტაც არის,”- განაცხადა გოგაშვილმა.

შესაძლებელი იყო თუ არა ავტომობილების შეძენა, ბევრად უფრო ნაკლები თანხებით, იმ პირობებში, როცა გურჯაანში უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა გადასაწყვეტია, მუნიციპლიტეტში პასუხი არ აქვთ.