რიჟვაძე: აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და უკვე, 4 თვის მონაცემებით, გადაჭარბებით არის შესრულებული პრივატიზების წლის გეგმა

344

აჭარაში მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებული ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების, ეკონომიკის თანმიმდევრული გახსნისა და უსაფრთხო სეზონის უზრუნველყოფის შესახებ გააკეთა განცხადება.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. ამიტომ, ყველა შესაბამის უწყებას მინდა, ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე მინდა, ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტსა და ყველა სხვა უწყებას, რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა 15 ივნისისთვის და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღდგენის პროცესშია საჰაერო ფრენები განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – ,,გაიზარდა ნაკადები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. გასული თვის მონაცემებით 60 % -ით არის აღდგენილი ნაკადები და 60 ზე მეტი რეისი სრულდება ყოველკვირეულად რაც არის ძალიან პოზიტიური დინამიკა”.

აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარების კუთხით პროექტები და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტურისტული ატრაქციები იქმნება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში.

აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და უკვე, 4 თვის მონაცემებით, გადაჭარბებით არის შესრულებული პრივატიზების წლის გეგმა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტირებაზე, კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი, ასევე ასახული იქნება მოსახლეობის ყველა პრიორიტეტი. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მინისტრთა კაბინეტს მათ სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ პროექტების უმოკლეს დროში წარდგენა დაავალა, რათა ბიუჯეტის კორექტირებისას მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხების ასახვა და გათვალისწინება.

ფერმერების მხარდაჭერა გრძელდება. აჭარაში მიწის დამუშავების პროგრამა წარმატებით დასრულდა. წელს 2150 ჰექტარზე მეტი მიწის დამუშავება უფასოდ განხორციელდა. პროგრამა მეორე წელია მიმდინარეობს. პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე მიღებულ იქნე გადაწყვეტილება ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრამით ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დამუშავდა.