ტურიზმის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ახალი ინიციატივა – ტურიზმის მხარდამჭერი ფონდი შეიქმნა.
ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეკონომიკის აღორძინებისა და პოსტპანდემიური პირობების დაძლევაში ბევრი მიმართულებით გვეხმარება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დაწყებული, მაგრამ ამიერიდან ახალი ამოცანებით და ახალი ძალით ამოქმედდება, ეს არის ტურიზმის მხარდაჭერა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ და შეგვიძლია დავაანონსოთ სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც აშშ-ის პროგრამის დახმარებით შეიქმნება. ფონდი პირველ ეტაპზე დაეხმარება ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს, გაიზარდოს მათი ცნობადობა და და სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოში პანდემიის მიუხედავად არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ინდუსტრია. მცირე სასტუმროები სწორედ ამ პროგრამისა და მთავრობის დახმარებით შეძლებენ თავისი ხმა მიაწვდინონ ყველა პოტენციურ საერთაშორისო ვიზიტორს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმში ჩართულ კომპანიებს მათი ციფრული მარკეტინგის კამპანიების თანაბარი თანადაფინანსებით და ციფრული მარკეტინგის ხელშეწყობით მიმართულებით. ინიციატივის ფარგლებში, კონკურსისა და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები.
მარკეტინგული კამპანია მოიცავს ორ ეტაპს, პირველი ეტაპი ფოკუსირებულია გაზაფხულისა და ზაფხულის აქციებზე, ხოლო მეორე გამოყოფს შემოდგომისა და ზამთრის მოგზაურებს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს პოსტ-პანდემიურ პერიოდში სექტორის აღდღენასა და ინდუსტრიის სერვისების და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას როგორც ადგილიბრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
საწყის ეტაპზე, ფონდის დახმარებით, კონკურსის საფუძველზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი 100-ზე მეტი კომპანია შეირჩა, რომლებიც მიიღებენ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას. ფონდის ოპერირების სამიზნე სექტორებია: მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები, რესტორნები და რეგიონში მდებარე მცირე და საშუალო მეღვინეობები.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ფონზე ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს მხარდაჭერას, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც დღის წესრიგში დგას საზღვრების გახსნის საკითხი, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტების შემოსვლასთან საქართველოში, რისთვისაც მნიშნველოვანია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელმა კომპანიებმა უფრო მეტად გაზარდონ ხილვადობა სოციალურ ქსელებში.