20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე “ქართული ოცნება” და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა

302

“ქართული ოცნება” და საპარლამენტო ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ.

მხარეებს შორის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა, თუმცა, ოპოზიციონერების თქმით, პოზიციები ვერ შეჯერდა. დღეს, პირველი მოსმენით “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მათი ვერსია მიიღონ.

ოპოზიციური ფრაქციის, ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 19 აპრილის მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაში ოპოზიციის პროექტია.

„ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტია სრულ შესატყვისობაში შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. მათი [ქართული ოცნების] ვერსიით ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. აქაც განსხვავებები გვაქვს. ჩვენი პროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შენიშვნები მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული, ხოლო პირველი მოსმენით მმართველი გუნდის კანონპროექტი იქნება განხილული. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამ პროექტს ისინი მხარს არ დაუჭერენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებმა 25 მაისს ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის.

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.