საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
სემეკის ცნობით, შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. მათი ინფორმაციით, ტარიფი ძალაში 2021 წლის 1 ივნისიდან შევა.
„ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის 18 თებერვალს. ტარიფის ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული შპს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნა ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით. შპს „თბილისი ენერჯისთვის“ 2021 წლის 1 ივნისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 46.138 თეთრ/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით“,-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.