გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოყვანილი კაკლის მოსავალი ექსპორტზე ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში გავა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კომპანია “ქართული კაკლის” მენეჯერი მიშა აბაშიძე აცხადებს, რომ “ქართული კაკალი”, როგორც ხარისხით, ასევე, ფერით ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და მასზე იქ დიდი მოთხოვნაა.
“პირველი მოსავალი პორტუგალიაში გავიტანეთ. დაინტერესებაა ესპანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ქვეყნიდან დაბალი ხარისხის კაკალი არ გავიდეს, რათა საექსპორტო ბაზრებზე სახელი არ გაგვიფუჭდეს. ევროპული ბაზარი ჩვენთვის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა. რადგან, ყველაზე ახლოს ევროპულ ბაზართან ვართ.
ჩვენი ადგილმდებარეობით ევროპასთან და ლოგისტიკური ჯაჭვის სისწრაფითაც შეგვიძლია ამერიკულ კაკალს კონკურენცია გავუწიოთ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკასთან შედარებით მოსავლის აღების პერიოდი უფრო ადრე გვაქვს. გათვლილი გვაქვს, რომ კაკალი პატარა ფერმერებისგანაც ჩავიბაროთ.” – განაცხადა აბაშიძემ.
“ქართული კაკლის” ბაღები სოფელ ახაშენში მდებარეობს, რომლის ფართობიც 230 ჰექტარია. მისი გაშენება 2015 წლიდან დაიწყო. პირველი კომერციული მოსავალი გასულ წელს აიღეს, რამაც ჯამში 100 ტონა შეადგინა. კომპანია ჩანდლერის ჯიშის კაკალს აწარმოებს. კაკალი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იყიდება. 2020 წელს კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენეს, რომელიც საქართველოში პირველია.