ნარმანია: ვიმსჯელებთ, რამდენად უნდა გაიზარდოს “თბილისი ენერჯის” გაზის ტარიფი

416

წინა სტატია

სემეკი დღეს 12:00-ზე თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდაზე იმსჯელებს – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიას განუცხადა. ტარიფების გადახედვის საჭიროება დღის წესრიგში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო დადგა.

“თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ ამჟამად ისინი ბუნებრივ აირს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან – რადგან კუბური მეტრი გაზის შესყიდვა 34 თეთრად უწევთ, ტარიფით განსაზღვრული სარეალიზაციო ფასი კი 26 თეთრია.

დავით ნარმანიას თქმით, ახალმა ტარიფმა კომპანიისთვის მიმდგარი ფინანსური ზარალი უნდა დააკომპენსიროს.

“მთავარი საკითხი, რის გამოც კომპანია ტარიფის შეცვლას ითხოვს არის მათ კომპანიაში დაროვილი ზარალი, ვინაიდან თავის დროზე დადგენილი ტარიფის დროს გაცვლითი კურსი დოლართან 2.97 იყო, რაც შემდგომ გაიზარდა ეს გახდა მათი ზარალის უმთავრესი საფუძველი. ისინი გაზს უფრო ძვირად ყიდულობენ, ვიდრე ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფით ხდება მოსახლეობისთვის მიწოდება. შედეგად კომპანია ხდება ვალაუვალი, ამის გამო კი მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ტარიფების გადახედვა.

ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რა უნდა იყოს ტარიფის ნაზრდი, რომ კომპენსაცია მოხდეს ამ ზარალის,”- აცხადებს დავით ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა “თბილისი ენერჯის” იმ მოთხოვნას, რომ გაზის საბითუმო საერალიზაციო ფასი დოლარის ნაცვლად ლარში განისაზღვროს, რაც მათ სავალუტო რისკებს მოუხსნის. თუმცა, დავით ნარმანიას თქმით, ამ შემთხვევაში სავალუტო რისკი “თბილისი ენერჯიდან” ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციაზე გადაინაცვლებს.

“გაზის იმპორტის ფასი დაფიქსირებულია დოლარში. თუკი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას თბილისი ენერჯისთან დადებს ლარში, მაშინ ამ შემთხვევაში კომპანიას ეხსნება გაცვლითი კურსის რისკი და ეს რისკი გადადის უკვე გაზის და ნავთობის კორპორაციაზე,”- აცხადებს დავით ნარმანია.