იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლამდე გელათში ქართველი რესტავრატორები იმუშავებენ

435

გელათის ტაძარში მაღალი ტენიანობა ისევ შენარჩუნებულია. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. 

“დროებითი გადახურვის მოწყობის შედეგად ტაძრებში წყლის ინფილტრაცია რამდენიმე თვეა აღარ ხდება, 2020 წელს უკვე ჩასული წყლის მიზეზით ტაძარში მაღალი ტენიანობა სამწუხაროდ შენარჩუნებულია”,  – განაცხდა პაატა გაფრინდაშვილმა.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  ექსპერტთა ჯგუფი ჩამოსვლამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს შესაძლებლობა : ჩაატაროს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა; – კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, რეგულარულად განახორციელოს დაზიანებული ფრესკებიდან გამომარილების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მარილის მოხსნა იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია – კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით განახორციელოს დაზიანებული ფერწერული ფენიდან ქიმების ნალესობის მოხსნა იმ შემთხვევებში, როცა ამგვარი ნალესობა დაზიანებული ფერწერული ნაწილის კედლიდან მოწყვეტის საშიშროებას ჰქმნის.

19 მაისს, “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გელათის ღვთისმშობლის ტაძარში გადაღებული ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ტაძრის იატაკზე თეთრი ფრაგმენტები ჩანს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს უნიკალური მხატვრობის ნაწილებია, რომელიც უყურადღებობის გამო ზიანდება.

მომხდარის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მასა, რომელიც ვიდეოში ჩანს, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხარაჩოზე ასვლის შედეგად ჩამოიშალა. სააგენტომ ამავე განცხადებით, გარეშე პირებისთვის ხარაჩოებზე ასვლა აკრძალა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს.

მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.