გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს. მემორანდუმი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების მიმართულებით სკოლებში მხარეებს შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
,,მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების შესახებ ტრენინგმოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების, მასწავლებელთა გადამზადებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში.“ სახელმძღვანელო დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვისაა შედგენილი და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვას ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხეების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა. აღნიშნული სახელმძღვანელოთი სარგებლობას სკოლის პედაგოგები სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.