სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობა გორში 5 წლის წინ დაიწყო, ამ დრომდე უფუნქციოა

471

გორში, სპორტის სასახლე 5 წელია შენდება, თუმცა, ჯერ ოფიციალურად ვერცერთი უწყება ვერ ადასტურებს, რატომაა ობიექტი ამ დრომდე უფუნქციოდ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორი-კასპის მაჟორიტარი, ჯერ კიდევ დეპუტატობის კანდიდატად ყოფნისას, აცხადებდა, რომ კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებისთანავე შენობა გაიხსნებოდა და შესაბამისი დატვირთვით დაიწყებდა მუშაობას, თუმცა დღეს აღარც პროცესის გაჭიანურების მიზეზებზე საუბრობენ და არც ის იციან, როდის გადაეცემა სახელმწიფოსგან გორის მერიას დასრულებული ობიექტი.

სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის 8 მლნ 800 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა მშენებლობიდან 5 წლის შემდეგ, შენობა ისევ დაკეტილია.

გაურკვეველი მომავლის მქონე შენობის გარე პერიმეტრის მოსაწყობად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დამატებით 1 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

2016 წლის ოქტომბერში მაშინდელმა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონტრაქტი შპს “სპორტმშენსერვისთან” ერთად კანადურ კომპანიას, “ბეჰლენ ინდასტრის” გაუფორმა.

ინფორმაციისათვის, გორში სპორტის სასახლე 2017 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოების დაწყებიდანვე დაიწყო პრობლემებიც. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტის დასრულების ვადა.

შენობა სპორტის 14 საერთაშორისო სახეობაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ შემსყიდველ უწყებას ლონდონის სასამართლოში უჩივლა, რამაც მისი ფუნქციონირების დაწყების ვადა კიდევ გაახანგრძლივა. ამ დროისთვის უცნობია, რა ეტაპზეა პროცესი და რატომ ვერ შესრულდა გიორგი ხოჯევანიშვილის დაპირება იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესები ობიექტის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლიდა და ის უმოკლეს პერიოდში გაიხსნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გორში, პანდემიის ფონზე ყველა სპორტული ობიექტი შესაბამისი რეგულაციების დაცვით აგრძელებს მუშაობას.