ჩუღურეთის რაიონში მდებარე ქუჩას 9 აპრილს დაღუპული გია ქარსელაძის სახელი მიენიჭა

730

თბილისის საკრებულომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას 9 აპრილს დაღუპული გია ქარსელაძის სახელი მიანიჭა. კერძოდ, მისი სახელი ეწოდა ჩუღურეთის რაიონში, თამარ მამულაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს.

საკრებულოს განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

საკრებულომ თბილისის მერიას დაავალა, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, კომენდანტის საათის გამოაცხადებიდან დაახლოებით 1 საათში, კაპიტანმა ლოხინმა სასიკვდილოდ დაჭრა ქალაქისკენ მანქანით მომავალი 25 წლის გია ქარსელაძე, რომელიც, მიღებული ტრავმის შედეგად, 11 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, გია ქარსელაძეს “საქართველოს გმირის ორდენი” მიენიჭა. 2014 წლის 9 აპრილს კი საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გია ქარსელაძის ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.