ევროკავშირის საბჭომ ვაქცინირებული ტურისტების შემოშვების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაცია დაამტკიცა

506

ევროკავშირის საბჭომ ვაქცინირებული ტურისტების შემოშვების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაცია დაამტკიცა.

„თუ წევრი სახელმწიფოები ვაქცინაციის მტკიცებულებას იღებენ როგორც შეზღუდვების მოხსნის საფუძველს, როგორიცაა ტესტირება და კარანტინი, მათ უნდა გააუქმონ მესამე ქვეყნებიდან არაარსებით მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები იმ პირებისათვის, რომლებმაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლამდე, სულ მცირე, 14 დღით ადრე ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინა მიიღეს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ შეზღუდვები მოხსნან იმ პირებისათვის, რომლებიც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით არიან აცრილნი.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წევრ ქვეყნენს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ვაქცინაციის სერტიფიკატები მიიღონ.

იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანაში ან რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, კერძოდ, თუ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდება, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ საგანგებოდ შეზღუდონ მოგზაურობა ასეთი ქვეყნიდან ან რეგიონიდან.