25-26 მაისს ღამის საათებში გორის გვირაბებში მონაცვლეობით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 25 მაისის 23:00 საათიდან 26 მაისის 02:30 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 26 მაისის 02:30 საათიდან 05:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.