გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოზე არაუფლებამოსილი პირის თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება, – ამის შესახებ ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმიანება 19 მაისს რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, რაც ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ხდება.
„სინამდვილეში კი, დღეს, ადგილზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი. ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა, წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ამ გზით დაცულ უნდა იქნეს ძეგლი დამატებითი ზიანისაგან მანამ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის თანახმად ხარვეზებით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების მიზეზით შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრაში სამინისტროსთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით საქართველოს იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან. სწორედ იუნესკოს ექსპერტების მიერ ადგილზე ვითარების შესწავლისა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ტაძარში არსებული მდგომარეობის გამოსწორების სამოქმედო გეგმის შედგენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა, რომ ხარაჩოების გამოყენება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სამონასტრო კომპლექსში არსებულ ფრესკებს, ამიტომ, ყველას მოუწოდა “ნუ დაბოდიალობენ ხარაჩოებზე”.
წულუკიანის თქმით, 2008-დან 2020 წლამდე, გელათში მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.