მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელებულია იმგვარად, რომ არ არის დატოვებული მაგალითად, საგზაო ქსელი, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზუალური სტანდარტის კუთხით, მერია ცდილობს, რომ ერთ არეალში ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს ყველა განსათავსებელი ობიექტები.
„მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელებულია იმგვარად, რომ არ არის დატოვებული მაგალითად, საგზაო ქსელი. როგორ უნდა მიხვიდე შენს ნაკვეთამდე არ ჩანს. ვიღაცის ნაკვეთზე უნდა იარო. გზა სჭირდება იმ ნაკვეთს და ასევე კომუნიკაციები. ერთი თუ მიიყვანს მაგალითად წყალს ნაკვეთამდე, მერე იმის იქით კიდევ რამდენიმე ოჯახმა უნდა გაატაროს წყალი. ხომ შეიძლება, რომ ერთიანად მოხდეს ამის დაგეგმარება და ვთქვათ, რომ აქ იქნება გზა, რომელიც მისი გაბარიტებიდან გამომდინარე მოემსახურება ამ ქუჩაზე არსებულ ყველა გასანაშენიანებელ ობიექტს და ამ ქუჩის მოთხოვნის მიხედვით დაიგეგმოს საინჟინრო კომუნიკაციები. ასევე, ვიზუალური სტანდარტის კუთხით, ვცდილობთ, რომ ერთ არეალში ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს ყველა განსათავსებელი ობიექტები. დაშორება იყოს თანაბარი და გაცილებით უფრო ლამაზი ურბანული ინფრასტრუქტურა იქნება. გეგმარების გარეშე განაშენიანებული არეალი არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. არანაირი გეგმარება არ მომხდარა და ყველა ცდილობდა პირდაპირ აეღო მაღალი ინტენსივობის მშენებლობის ნებართვა და სამწუხაროდ, ყველა ახერხებდა. ეს არის დაუგეგმავი განაშენიანების შედეგი. ასეთ რამეებს ახლა ვეღარაფერს ვუზამთ. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, რამე თუ იყო ჩასანაცვლებელი სკვერი მოვაწყვეთ, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ თბილისის ზღვაზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ცარიელ ფერდობებზე, ნაკვეთი რომ მაქვს და მინდა, ჩემთვის კარგი სახლი ავიშენო, რაღაც სტრუქტურაში უნდა მოდიოდეს ეს? არ შეიძლება მარტო მე თავს ვგრძნობდე კარგად ჩემს ჩაკეტილ ღობეში და ვარღვევდე ყველანაირ ურბანულ სიკეთეს. ამიტომ ქალაქი იძახის, მოდი, დავგეგმოთ დიდი ტერიტორია და ისე განაშენიანდით, ეს არის სწორი მიდგომა“, – ეს არის სწორი მიდგომა.