ხმალაძე: საპარკო არეალების დადება ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, არც ერთმა მმართველმა არ გაბედოს ამ მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია

936

საპარკო არეალების დადება ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში არც ერთმა მმართველმა არ გაბედოს ამ მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია და ვერავინ გასცეს იქ მშენებლობის ნებართვა, რადგან ეს არის საპარკო არეალი და ადრე თუ გვიან, როდესაც შეძლებს მუნიციპალიტეტი, იქ უნდა გაშენდეს პარკი, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

„ხვალ შეიძლება მე წავიდე, სხვა მოვიდეს, კახა კალაძე შეიცვალოს, ახალი გუნდი მოვიდეს და ვიღაცამ გადაწყვიტოს, მოდი, ახლა გავყიდი მიწის ნაკვეთს. როდესაც დაიგეგმა ქალაქი 2019 წელს, იქ დაიდო საპარკო არეალი, როცა მუნიციპალიტეტი შეძლებს, ეს უნდა გაშენდეს. დღეს ამის საშუალება ნამდვილად არა აქვს მუნიციპალიტეტს, მაგრამ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვიქნებით თუ შემდეგი გუნდი, აუცილებლად გაშენდება იქ პარკები და ქალაქს დარჩება ეს რეკრეაციული სიკეთე და მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ“, – განაცხადა თბილისის ვიცემერმა.