თბილისის ვიცემერი: მშენებლობის ნებართვას არ ვიძლევით, ვიდრე არ შეთანხმდება დენდროლოგიური პროექტი

458

მშენებლობის ნებართვას არ ვიძლევით, ვიდრე არ შეთანხმდება დენდროლოგიური პროექტი, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ტერიტორიების დაგეგმარება ხდება, ეკითხებიან საკომუნიკაციო სერვისების გამწევ კომპანიებს, ტექნიკურად რამდენად შეძლებენ საჭირო სიმძლავრეების მიწოდებას.

„განაშენიანების გეგმარების ახალი სტანდარტი გვაქვს და რამდენიმეს ჩამოვთვლი. მაგალითად არის ტრანსპორტის კვლევა. კერძოდ, ვუყურებთ განაშენიანება რა გავლენას იქონიებს ტრანსპორტის ნაკადებზე. ქუჩის გაბარიტები გაატარებს თუ არა საკმარისი რაოდენობის ტრანსპორტს. ისევე, როგორც იქ რომ ადამიანები შესახლდებიან, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ან სხვა ინფრასტრუქტურა. ამის გათვალისწინება ხდება წინასწარ. ასევე, დენდროლოგიური პროექტი ერთ-ერთი იყო, რაც ვახსენე პრეზენტაციაზე. ძალიან ბევრჯერ გინახავთ, კორპუსი სრულდება, გაიყიდება ბინები, მაგრამ ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მაგალითად, რაც უნდა ყოფილიყო ეზო, უკვე აღარავინ ზრუნავდა. ჩვენ გავაკეთეთ ასეთი რამ, მშენებლობის ნებართვას არ ვიძლევით, ვიდრე არ შეთანხმდება დენდროლოგიური პროექტი. ბევრჯერ ვახარვეზებთ და ვითხოვთ მაქსიმალურს. მშენებლობასთან ერთად, ერთ-ერთი სამშენებლო პროცესია, ვითხოვთ ამ დენდროლოგიური პროექტის შესრულებას. ერთ-ერთი პუნქტი კიდევ ეს იყო საკომუნიკაციო ქსელები. როდესაც ხდება ტერიტორიების დაგეგმარება, ვეკითხებით საკომუნიკაციო სერვისების გამწევ კომპანიებს, ტექნიკურად რამდენად შეძლებენ საჭირო სიმძლავრეების მიწოდებას, წყალი, დენი, გაზი და ა.შ. ასევე ტერიტორიის კვლევა მიმდინარეობს კოლექტორზე ხომ არ ვაშენებთ, ან არსებულ კომუნიკაციებზე. ეს ყველაფერი ასეთ დონეზე არ ხდებოდა. შესაბამისად, ცოტა ამ ნაწილში გართულდა გეგმარების პროცესი, მაგრამ არავის უთქვამს, რომ მალე დააგეგმარეთ, ყველამ თქვა, რომ სწორად დააგემარეთ. ამას შესაძლოა, ცოტა მეტი დრო სჭირდება, მაგრამ სწორი დოკუმენტები იდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.