სამწუხარო რეალობა არის ის, რომ უკვე დაშვებულ ურბანულ შეცდომებსა და გადაცდომებს ხშირ შემთხვევაში ვეღარ მკურნალობ ახალი, სწორი გენერალური გეგმით. ახალი გეგმა უზრუნველყოფს იმას, რომ მეტი შეცდომა აღარ დაუშვა, რადგან უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჯდება არაადეკვატურად მაღალი თანხები, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„თქვენ წარმოიდგინეთ, სკვერის ტერიტორიაზე რომ გაშენდეს რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. როგორ უნდა დავუბრუნოთ ის ტერიტორია სკვერს: უნდა ვიყიდოთ მთლიანად ეს ქონება, გავაკეთოთ დემონტაჟი და აღვადგინოთ სკვერი. ამას ჯობია, თავის დროზე არ გავაკეთოთ ასეთი რამ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ერთ დროს ბიუჯეტის შევსების დროს განხორციელებული პრივატიზაცია ახლა ათჯერ უფრო ძვირი ჯდება.
„გვაქვს ასეთი შემთხვევები: მაგალითად, დიღმის ტყე-პარკში ვერ დავიწყეთ კეთილმოწყობის სამუშაოები, რადგან ეს ტერიტორია მთლიანად პრივატიზებულია. ცხადია, პარკისთვის არავის უყიდია, ყველამ იყიდა, რომ იქ რაღაც აეშენებინა. ვკითხოთ მოქალაქეებსა და ქალაქს, რამდენად სასურველია ვინმესთვის, იქ საცხოვრებელი კორპუსების ან თუნდაც სხვა ინფრასტრუქტურის აშენება. ის საპარკო არეალია და შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს ქალაქს. ამიტომაც დაწყებული გვაქვს გამოსყიდვა-მონაცვლეობის პროცესი და მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გამოსყიდული გვაქვს“, – განაცხადა ვიცემერმა.