თბილისის მერი კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურის „ვარკეთილი“ პროექტი უკვე მზად არის და მის განახლებაზე მუშაობა ზაფხულის თვიდან დაიწყება.
თბილისის მერმა მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სამუშაოები შეაფასა.
მისი ინფორმაციით, „გოცირიძეზე“ არსებული ბაქანი დაზიანებულია, მიმდინარეობს ექსპერტიზა და ძალიან მალე ექნებათ დასკვნა ექვემდებარება თუ არა აღნიშნული რეაბილიტაციას.
,,გოცირიძის მეტროსადგურზე სამუშაოები მიმდინარეობს, დროის გაგრძელება გამოიწვია იმან, რომ არსებული ბაქანი არის ავარიულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა და ძალიან მალე გვექნება დასკვნა იმასთან დაკავშირებით ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას. თუ გვეტყვიან, რომ შესაძლებელია მისი რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სამუშაოები, თუ გვეტყვიან, რომ აუცილებელია დემონტაჟი და ახლის აშენება ამასაც გავაკეთებთ იმიტომ, რომ უსაფრთხოება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. პირველი ეს იყო პროექტზე მუშაობა და არსებული სივრცის მდგრადობის შესწავლა, დღეს უკვე გვაქვს პროექტი ვიზუალური თვალსაზრისითაც და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ზაფხულის თვეებში უკვე დავიწყებთ უშუალო სამუშაოების წარმოებას, რომ მივიღოთ განახლებული ვარკეთილის მეტროსადგური“, – აღნიშნა კახა კალაძემ.