ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა

736

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა. ამ ფორმით კომპანიის მუშაობით მიყენებულ ზიანს, ამ დროისთვის სულ ხუთი ადამიანი აპროტესტებს.

მოსახლეობის განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს, ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს. კომპანიის მიერ მათთვის შეთავაზებული თანხა მათთვის მიუღებელია და ისინი ზარალის ხელახალ შესწავლას მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეები კომპანიას ორ დღეს აძლევენ და თუ ვერ მორიგდებიან, შესაძლოა, სხვებმაც მიმართონ პროტესტის ამ ფორმას.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” ინფორმაცია სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, 2 დღის წინ გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება შედგა და ისინი კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც, პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.