კურორტ გოდერძზე ხეებს ჩეხავენ

414

ბიზნესი რეკრეაციული ზონის სანაცვლოდ. კურორტ გოდერძზე ხეებს ჩეხავენ. 10-მდე ჯანსაღი ნაძვი იმ მიზეზით მოჭრეს, რომ კერძო პირს, ადგილზე, სასტუმროს მშენებლობა სურს. ეკონომიკის სამინისტრო, მის მიერ გაყიდულ ტერიტორიაზე, პასუხიმგებლობას ხულოს მერიას აკისრებს, რომელიც თავის მხრივ სრულიად განსხვავებულ განმარტებებს აკეთებს. ვიდრე, უწყებები საერთო პოზიციაზე მივლენ, საკურორტო ზონის ხეები უკვე გაჩეხილია. ამ ტემაზე ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ეს კადრები გოდერძის უღელტეხილზე, გადავიღეთ. ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 10-მდე ჯანსაღი ნაძვია მოჭრილი. ნაკვეთს ხეებისგან ათავისუფლებენ, რადგან კერძო პირი, აქ, სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ბიზნესმენის მტკიცებით, ადგილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან, გასულ წელს, აუქციონის წესით, 100 ათას ლარად შეისყიდა.

თენგიზ ვარშანიძის თქმით, 505 კვადრატულ შეძენილ ტერიტორიაზე, ხის მოჭრის უფლებაც აქვს. მეტიც, ამტკიცებს, რომ ხეების გაჩეხვის პროცესს, ფუტკარაძის უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ხის მოჭრის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მიზეზით ვერ წარმოგვიდგინა, რომ თან არ ჰქონდა.

რა პირობით გასცა ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ? უწყებაში მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ ხეების მოჭრას მშენებლობის პროექტი განსაზღვრავს, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ამტკიცებს.

ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს გვცემენ ხულოს მერიაში, სადაც სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდა. უწყებაში სიტყვიერად გვითხრეს, რომ პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და სამუშაოები ისევ გრძელდება, ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემა კი, მათი კომპეტენცია არ არის. ანუ გამოდის, რომ პროექტი არ დამტკიცებულა, მწვანე საფარი კი უკვე გაჩეხილია. ადგილობრივ ოპოზიციაში კორუფციაზე საუბრობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება დაუშვებელია, რადგან კურორტის სტატუსი აქვს.

თუ კი უწყებების პასუხებით ვიმსჯელებთ, ხეების მოჭრაზე ნებართვა გაცემული არ არის, რაც არსებული რეალობის საპირისპიროა. ვიდრე რეკრეაციული ზონა ნადგურდება, ფაქტზე, მმართველი გუნდი, ჯერ კიდევ დუმს. „მაცნე“ ხულოს მერსაც დაუკავშირდა, თუმცა ვახტანგ ბერიძემ, ისევ პრეს-სამსახურისკენ გადაგვამისამართა. მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ, მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს. სავარაუდოდ, თენგიზ ვარშანიძე ჯანსაღ ხეებს გავლენიანი მაღალჩინოსნების მფარველობის შედეგად ჩეხავს.