ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე “ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან გარიცხა.
აღნიშნული “ქართული ოცნების” პარტიის პრესსამსხურში დაგვიდასტურეს: “ორი დღის წინ ჩატარდა პარტიაში კრება და კოტე შარაშენიძე პარტიიდან გაირიცხა”.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა:
– ვიცოდი, თუ არ ვიცოდი, რა მნიშვნელობა აქვს. ისე კი ვიცოდი, რომ გარიცხავდნენ. ახლა ვერ გეტყვით ვისი ინიციატივა იყო, რა შუაში ვარ მე ან ბეგი, პარტიამ ასე ჩათვალა საჭიროდ. როცა დრო მოვა პარტია თვითონ იტყვის ზევიდან, რატომ მეტს ვერაფერს გეტყვით, შეხვედრაზე ვარ”, – ამბობს დარჩია.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ შარაშენიძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე ამბობდა, რომ ის “ოცნების” კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და სწორედ ეს გახდა პარტიიდან მისი გარიცხვის მიზეზი.
თავად შარაშენიძეს პარტიიდან გარიცხვის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, ,,გურიის მოამბის“ ინფორმაციით კი კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მთავარი კონკურენტია და მის წინააღმდეგ შავი პიარი იგეგმება, რომლისთვისაც 50 ათასი ლარია გამოყოფილი და შარაშენიძის წინააღმდეგ კამპანიას ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია ხელმძღვანელობს.
წყარო: გურიანიუსი, გურიის მოამბე, პირველი რადიო