გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 7 ადამიანის ხელშეკრულებით დასაქმებას გეგმავს. თანამშრომლების მიღება ზედამხედველობის, ადმინისტრაციულ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურებში სურთ. ამის შესახებ სპექტრი წერს.
საკითხი საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა ნიჟარაძის განმარტებით, მერია თანამშრომლების მიღებას წინასაარჩევნოდ გეგმავს.
„ამატებენ შვიდ ადამიანს, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ ექნება. მთავარი ის არის რომ თვითმმართველობის არჩევნები კარს მოადგათ. იციან კარგი მდგომარეობა არ არის , აქედან გამომდინარე რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დაასაქმებენ მერიაში და აიიპიებში, რომ ხმები მიიღონ და არჩევნები მოიგონ. მე ამ საკითხს მხარი არ დავუჭირე რადგან ეს არის ბიუჯეტის ფლანგვა, რომელიც დაწყებულია 2012 წლიდან. ყველა ვხედავთ ამ დროისთვის ქვეყანა რა დღეშია. “
გურჯაანის მერიამ 7 ახალი თანამშრომლის ხელფასისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 40 ათასი ლარი უნდა გამოყოს.